1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
მუსიკა მის ცხოვრებაში ყოველთვის დიდი დოზით იყო. 3 წლის ასაკში ფორტეპიანოს მიუჯდა და პირველი მელოდია დამოუკიდებლად ააწყო. მერე იყო სხვადასხვა ინსტრუმენტები, რთული ბავშვობა, მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა სახლი და არსებობისთვის ბრძოლა ქუჩაში... 25 წლის რაფაელ არუთინიანის შემოსავლის ერთადერთი წყარო ისევ ქუჩაა...
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, ლილოს ბაზრობაზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც რაფაელი მეგრულ სიმღერას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ მისმა ნამღერმა „ფეისბუკი“ „ააფეთქა“. სანამ შემსრულებლის ვინაობა გაირკვეოდა, ყველას მეგრელი ეგონა... „პრაიმტაიმი“ ახალგაზრდა მომღერლის ისტორიით დაინტერესდა.
თბილისში დაიბადა. ძმასთან და მშობლებთან ერთად ორთაჭალაში ცხოვრობდა. მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დედა გაჭირვების გამო ემიგრაციაში წავიდა. რაფაელზე და მის ძმაზე მამის დედა ზრუნავდა.
როცა ბებიამ ბავშვების მოვლა ვეღარ შეძლო, მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. რაფაელი და მისი ძმა კაჭრეთის ბავშვთა სახლში ჩააბარა. იმ უმძიმეს წლებს ასე იხსენებს.
„როცა დედა ემიგრაციაში წავიდა, ბებიამ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო და მე და ჩემი ძმა კაჭრეთის ბავშვთა სახლში ჩაგვაბარა. მიზეზი ბევრი იყო, განათლებას ვერ გვაძლევდა. მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ მუშაობდა. დედა იძულებული გახდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო...
4 წელი ვიყავით მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა დაწესებულებაში. მერე მეც და ჩემი ძმაც გამოვიპარეთ. სახლში მივედით და ოჯახურ გარემოში დავიწყეთ ცხოვრება. ძველ სკოლას დავუბრუნდით.
მუსიკა ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში. დედა და ბებია თვითნასწავლი მუსიკოსები არიან და კარგად მღერიან. ჯერ საუბარიც არ ვიცოდი, რომ მელოდიებს ვღიღინებდი. მერე როცა სკოლაში დავიწყე სიარული, დერეფანში მდგარ მოძველებულ ფორტეპიანოზე მელოდიებს ჩემით ვაწყობდი. გაკვეთილებზე ცუდად იმის გამო ვიქცეოდი, რომ მასწავლებელს კლასიდან გამოვეგდე. სიხარულით მივრბოდი ფორტეპიანოსთან და გაუთავებლად ვუკრავდი.“- ამბობს რაფაელი.

„6 წლის ვიყავი როდესაც ახმეტელის მეტროსთან დოლის დასაკრავად გავედი. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ეს იყო ემოციურად დაუვიწყარი დღე როდესაც პირველად გამოვიმუშავე ფული. როცა დედა ჩამოვიდა ემიგრაციიდან, უკვე იცოდა, რომ ქუჩაში ვუკრავდი. ერთხელ გამომყვა, უსმინა ჩემს დაკრულს და ნამღერს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკითხა, საჭმელი გაკლია თუ სასმელი, რა გაქვს სამაგისო, რომ ქუჩაში დგახარ და მღერიო. ასეთი პასუხი გავეცი: მე მინდა დამოუკიდებლობა - მეთქი.
მერე დოლს ფანდური მიჰყვა და ასე დაიწყო ჩემი როგორც ქუჩის მუსიკოსის კარიერა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პატარა ასაკიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ამ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. იყო რთული დღეებიც, რომელთა გახსენებაც არ ღირს.
მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია, ინსტრუმენტებზე დაკვრაც თვითონ ვისწავლე და ვოკალიც ასე ქუჩაში მღერით დავამუშავე. ბავშვობიდან მიყვარს ქართული და სომხური ფოლკლორი. ბოლო პერიოდში ჩემს რეპერტუარში ფანოღი და უცხოური სიმღერებიც შემოვიდა.
დღესაც ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ქუჩაა. დილის 7 საათზე გავდივარ სახლიდან და გვიან საღამომდე ვმღერი. ეს ემოციურად და ფიზიკურად ძალიან რთულია, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. მყავს მეუღლე და ერთი წლის შვილი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ. ის შემოსავალი კი რომელიც მე მაქვს, საკმარისი არ არის. მეუღლის ბინაში ბევრი ადამიანი ვცხოვრობთ... ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ უზრუნველი ცხოვრება მაქვს, თუმცა ასე არ არის.
ეს ვიდეო კი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. გადამიღო ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ და სოციალურ ქსელში ატვირთა. 6 საათში 600 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელსაც მოსწონს ჩემი ნამღერი. მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვლება რაღაც და უკეთეს პირობებში გავაგრძელებ პროფესიულ მოღვაწეობას. ოცნება? ოცნება ბევრი მაქვს. მინდა, ჩემი შვილი, რომ გაიზრდება იამაყოს მამით, როგორც შემდგარი არტისტით, რომელსაც საკუთარი წვლილი ექნება შეტანილი ქართული ხელოვნებაში.“- ამბობს რაფაელი.