„მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს“ - ლონდა თოლორაია მოსამართლის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება

londa mosamarTleze

„2007 წელს, სტაჟიორ-პროკურორი რომ ვიყავი და ფეხაკრეფით დავდიოდი სასამართლოში, შეშინებული - რამე არ შემშლოდა, მოსამართლე დალი მეტრეველმა დამიძახა, მასთან ახლოს მისვლა მთხოვა და მადლობა გადამიხადა სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერისთვის.“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლონდა თოლორაია წერს.

„განა რა კვალიფიკაცია დაინახა ახალბედა სტაჟიორში, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს, რომელსაც თავდაჯერებულობისთვის და მართლაც კვალიფიციურ პროკურორად ჩამოყალიბებისთვის, ეს როგორ სჭირდებოდა.

ამის შემდეგ იყო ბევრი პროცესი, ბევრი პირადი ურთიერთობა, ბევრი სამოტივაციო შემოძახება (სასამართლოში და მის გარეთ) და განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობდი. პრინციპში რა დიდი ნიჭი უნდოდა ამის შეგრძნებას, ადამიანი ღიად გამოხატავდა და სახეზე ეწერა ყველა ემოცია - სიყვარული, სითბო, თანადგომა.

ყოველთვის მემახსოვრებით. ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად“,- წერს ლონდა თოლორაია. 

შეგახსენებთ, მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა.