„მალდინის პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა და მასთან ერთად აღმოვჩნდი მინდორზე“ - კახა კალაძე მილანზე, გატანილ გოლებსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე

კალაძე

კახა კალაძის მიმართ იტალიური მედიის ინტერესი კვლავ დიდია. საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და „მილანის“ ბოლო ევროტრიუმფების თანამონაწილეს „გაძეტა დელო სპორტი“ დაუკავშირდა. პოპულარული გამოცემის წერილში ვკითხულობთ:

ი..„კახა კალაძე „მილანს“ 2001 წელს, ანდრეი შევჩენკოს კვალდაკვალ შეუერთდა. მანამდე, ორივემ გაიარა კიევის „დინამოს“ გზა. მან „როსონერის“ მაისურით ორჯერ (2003, 2007) მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა „ჯენოაში“, ხოლო ამის შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძე თავისი ქვეყნის დედაქალაქის მერია, ის ფეხბურთს მაინც აქტიურად ადევნებს თვალს:

„რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, ის ძალიან დამეხმარა, როცა კიევში ჩავედი. მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარია. დამეხმარა გუნდთან გაშინაურებაში. ამასთან ერთად, გამაცნო ქალაქი... ჩვენ ერთნაირები ვართ - შრომასა და თავგანწირვას ვუძღვნით ჩვენს ცხოვრებას!..

შევჩენკო საკუთარ სახლში, კიევში უფრო თავისუფლად იყო, მე კი თავიდან უფრო თავშეკავებული გახლდით. რაც შეეხება „მილანის“ გასახდელში არსებულ გარემოს, ეს რთული გადმოსაცემია სიტყვებით. ვინც ამ კლუბში თამაშობს, უნდა იგრძნოს დიდი პასუხისმგებლობა. დიდი პასუხისმგებლობაა, ატარო „მილანის“ მაისური. შენ მას ყოველთვის პატივი უნდა სცე...

„მილანში“ მიზანი ყოველთვის გამარჯვება იყო. არასოდეს არავინ იხევდა უკან. გასახდელი კომპაქტური იყო - ფეხბურთელები, მწვრთნელები და მენეჯერები სულ ერთად ვიყავით. როცა ხარ მალდინის, ნესტასა და შევას გვერდით, ვერანაირად იფიქრებ იმედგაცრუებაზე. მათ უნდა მოუსმინო და ბევრი ისწავლო...

რაც შეეხება შევჩენკოს წასვლას „ჩელსიში“, თავდაპირველად კი გამიკვირდა, მაგრამ მის არჩევანს პატივს სცემდა ყველა და მათ შორის - მეც. არ გამკვირვებია, რომ ის მწვრთნელი გახდა. მას აქვს დიდი მიზნები და თავდაუზოგავად მუშაობს მათ მისაღწევად. ეს მან იმითაც დაამტკიცა, რომ „ოქროს ბურთი“ მოიგო...

არაერთხელ მითქვამს, რომ მილანში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როცა იქ ჩავდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ნამდვილი ოჯახური ატმოსფეროა. ზოგადად იტალია კარგი ქვეყანაა, იტალიელი ხალხი კი დიდებულია. „მილანის“ ქომაგები არასოდეს დაგივიწყებენ, რა დროც უნდა გავიდეს. დღეს უნდა იამაყოს ყველამ, ვინც ატარებს „როსონერის“ მაისურს. თუ დანებდები, „მილანში“ ვერანაირად ვერ ითამაშებ.

ადრეც მითქვამს - ჩემთვის გამორჩეული მილანური ემოციებია ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველად მოგება „იუვენტუსთან“ შეხვედრაში და მილანურ „დერბიში“ გატანილი გოლი, ასევე, ამ დერბიში მოპოვებული გამარჯვება...

რაც შეეხება პაოლო მალდინის, მისი პოსტერი ჩემს საძინებელ ოთახში მქონდა და მასთან ერთად აღმოვჩნდი მინდორზე. მან, როგორც მენეჯერმა, შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა „მილანში“. არის ახალგაზრდა ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ფეხბურთს სტეფანო პიოლისთან ერთად...

თანამედროვე „მილანზე“ იმის თქმა შემიძლია, რომ ბევრი რამ გაკეთდა კარგად. ზლატან იბრაჰიმოვიჩი არის შესანიშნავი მენტორი, კარგი მასწავლებელი. ნახეთ, როგორ ზრდის ის ლეაოს, ტონალის, სელემეკერსს, ტომორის... ტომორი ძლიერი ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო კარგი გახდება კიაერთან ერთად. ყველაფერს მოთმინება სჭირდება. დიდი იმედი მაქვს, ორ წელიწადში ვიხილავ ისეთ „მილანს“, რომელიც წარმატებით ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. რა თქმა უნდა, ეს სურვილი გასაგებია, მაგრამ ყველაფერს სჭირდება დრო".

წყარო: „ლელო“