„ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია - ავიაკომპანიის განცხადება

ფრენა

ბოლო დღეებში, „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებით შექმნილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელსაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა ბატონმა ნიკანორ მელიამ. გვინდა, ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია, - ამის შესახებ ავიაკომპანიის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.tech-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.

„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.