Exclusive: წყევლის ძალა ანუ ამბავი ქართველ მომღერალ ბიჭუნაზე, რომელსაც უცნაური დაავადება შეეყარა

ია გოდერძიშვილი

არტ-თერაპევტი და მსახიობი ია გოდერძიშვილი, თავს გადამხდარ მძიმე ისტორიას გვიყვება. ეს არის ამბავი, თუ როგორ დაწყევლა ნათესავმა ქალმა იას ოთხი წლის შვილი და მთელი ათი წლის მანძილზე როგორ დაიტანჯა ბავშვი. მედიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო დაავადება, ეს იყო ბოროტი ენერგიით ხელოვნურად გამოწვეული ფიზიკური დაზიანება. 

ია ამ ისტორიას საჯაროდ პირველად ჰყვება.

ია გოდერძიშვილი: ჩემი ოთხი წლის ბიჭუნა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „იმედში“ და შემდეგ „მძლევარში“ მღეროდა. ანზორ ერქომაიშვილი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ამ ასაკის სოლისტი არ ჰყოლიათ. ერთხელ ეზოდან სახლში შემოვიდა და ნათესავ ქალზე მითხრა, ვმღეროდი და ჩაგივარდეს ეგ ენაო, ასე მომაძახაო.

ბავშვს ერთხელაც დაეწყო ენის დაწყლულება, გახლეჩა. სამართებელი რომ გარდი-გარდმო დაუსვა ენაზე, ასე ეყოფოდა და საშინლად წყლულდებოდა ენა. იტანჯებოდა. წყალსაც ვერ სვამდა, შპრიცით ვასხამდით, ისე სტკიოდა. მერე ბუნებრივია, ვეღარ მღერდა. ათი წელი იტანჯა. ბოლოს სკოლაშიც ვერ დადიოდა. ღმერთს ევედრებოდა, მომკალი, როდემდე უნდა ვეწამოო. 

სად არ მყავდა, რომელ ექიმთან, გინდ ჩვენს ქვეყანაში, გინდ ევროპაში. ექიმები ბოლოს აკეთებდნენ დასკვნას, რომ ეს არ იყო სამედიცინო დაავადება.

მეტეხში მამა აკაკისთან მივიყვანე, მან ლახვრით განკურნების ლოცვა რომ წაუკითხა, გონება დაკარგა. მერე მითხრა, დავინახე, რაღაც არსება პირიდან გამოხტა და ზურგზე შემახტაო. მას შემდეგ ისეთი შიშები ჰქონდა, ტაძარს ვერ გავაკარე. იქიდან გამორბოდა...

ერთი წელი გერმანიაში კვლევაზე ხუტა ბერულავას ფონდმა გაგზავნა. მარტო იყო მთელი წელი, კლინიკაში გაატარა ის პერიოდი. ექიმმა მითხრა, ეს არის მისი ხვედრი და სანამ იცოცხლებს, ასე იქნებაო. ეს რომ გაიგონა, ტირილით გავარდა გარეთ. 

მყავდა პეტერბურგშიც...

ერთხელაც ციმბირიდან ჩამოვიდა ექიმი, რომელსაც ჰქონდა მგრძნობიარე აპარატი, რომელიც ადგენდა საიდან მოდიოდა დაუდგენელი დაავადება. ენაზე რომ მიადო აპარატი, გადაიწვა. ასე მოხდა ორჯერ. მან თქვა, ასე იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც არასამედიცინო დაავადებასთან მაქვს საქმეო. მირჩია, სხვა გზას მიმართე, მიდი ნათელმხილველთან, ექიმებში ნუ დადიხარ, ეს სამედიცინო დაავადება არ არისო. 

მივედი მეტაფიზიკოს მალხაზ გველუკაშვილთან. მან  მითხრა, ეს არ არის ქრისტიანის მიერ გაკეთებული ჯადო, მუსლიმის ნამოქმედარიაო. წერდა ფორმულებს, გამოთვლებს. მიხვდა, რომ ეს არ იყო ჯადო, წყევლააო. ჩამომაწერინა შვიდი სავარაუდო ადამიანი და იქ იპოვა ის კონკრეტული, ვისაც ეს წყევლა ეკუთვნოდა.

ნათესავმა ქონებრივი დავის გამო ამგვარ ცოდვაში ჩადგა ფეხი. წყევლა დაუწერია და მის მიერ მოწამლული ძაღლისთვის ენის ქვეშ ჩაუდვია. მე ეს ფაქტი არ მინახავს, აჭარიდან ჩამოსულმა მკითხავმა მთელი სიზუსტით აღწერა, როგორ მოკვდა ჩვენი ძაღლი, რომ ის მოწამლეს და მისი ენის ქვეშ მოთავსდა ჩემი შვილის წყევლა. ყბა არ იხრწნება და ეს წყევლა რომ სამუდამო ყოფილიყო, ამიტომ ჩაუდეს ძაღლს პირშიო, ასე ახსნა ამ ნათელმხილველმა. 

მალხაზმა მითხრა, წყევლას ძალა დაეკარგება, თუ ისევ ამ ადამიანთან მიხვალ და დაალოცინებ შვილს, ვინც დაწყევლაო.

14 წელი შეუსრულდა ჩემს შვილს და სტუმრებთან რომ არ გამოვიდა, შევედი ოთახში და ხატებთან ხელაპყრობილი სთხოვდა ღმერთს, როდემდე უნდა ვიტანჯო, გამათავისუფლე, უფალოო... ისე „გადამეკეტა“, უკვე ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. დავძლიე ყოველგვარი სიამაყე და მივედი იმ ნათესავ ქალთან, ვინც ასე გაგვწირა. ვუთხარი, სიზმარი ვნახე და შენი ლოცვა უშველის ჩემს შვილს, დამილოცე-მეთქი. ფეხებში ჩავუვარდი და ვემუდარე. დამილოცა და მას შემდეგ ენის წყლულებს აღარ შეუწუხებია ჩემი ვაჟი.

დღეს უკვე 33 წლისაა და ფოტოხელოვანია. ვიოლინოს დაეუფლა. სიმღერას აღარ გაჰყოლია...

ამგვარი სატანჯველის შემდეგ, ია გოდერძიშვილის ცხოვრებაში დადგა მშვიდი ცხოვრება. დაწყებითი კლასის პედაგოგმა ახალი პროფესია შეიძინა. არტ-თერაპევტობას დაეუფლა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სპეციალურ კურსებს უტარებს. წერს ქალაქური ჟანრის სიმღერებს. და წელს, მარტში მეორედაც იქორწინა. 

ია გოდერძიშვილი: - 56 წლის ვარ და ჩემი ქორწინებით ბევრს სტიმული მივეცი. 

ზაზა იანვარში გავიცანი და 14 მარტს უკვე ქორწილი გვქონდა. ასე სპონტანურად მოვიდა სიყვარული...

8 იანვარს გურჯაანში, ერთ ოჯახში ვიყავი დაპატიჟებული. 

იქ მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და დამხვდნენ ამბით, აბა, მომღერალი და მსახიობი ია გოდერძიშვილი ჩამოდისო. პატივით მიმიღეს. ცოტა ხანში ატყდა ამბავი - მოვიდა, მოვიდაო. მე მიმატოვეს და ზაზას შეეგებნენ. ზაზამ შემომხედა და პირდაპირ მითხრა, შეგიძლიათ, ყავა მომიდუღოთო? ვეუხეშე, მე სტუმარმა რატომ უნდა მოგიდუღოთ ყავა-მეთქი?

ასე გავიცანი ზაზა სოხვაძე... მაშინვე მითხრა, თქვენს ქმრობაზე კაცი უარს არ იტყოდაო... როგორც ამბობს, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

იქვე მამღერეს. ყველას სათითაოდ ვუმღერე. ზაზა დარჩა ბოლოს და ვიფიქრე, ისედაც ვეუხეშე, მოდი, ამასაც შევუსრულებ ჩემს სიმღერას-მეთქი. ერთი სიმღერა მქონდა რეპერტუარიდან დარჩენილი და ამ სიმღერაში რა სიტყვები აღმოჩნდა, ნახეთ: შენ შემოგევლოს სულ მთლიანად ცხოვრება ჩემი, სანამ ვიცოცხლებ ჩემი იქნები, ერთადერთი ხარ, სალოცავი, ხარ ჩემი ღმერთი"... მერე რომ დავაკვირდი,  რა სიტყვებით ვუმღეროდი, გადავირიე, ნორმალური ვარ? რას ვუმღერი-მეთქი? ის გაბრწყინებული მისმენდა. ბოლოს მივედი და ვუთხარი, მართალი არ გეგონოთ, სიტყვებს ყურადღება არ მიაქციოთ, მელოდია იყო მთავარი-მეთქი (იცინის). ყოველი სიტყვა დაფიქსირებულია, ჩემთვის იყო მოძღვნილი ეს სიმღერაო, შეიფერა. 

ასე აეწყო, გასაქანი არ მომცა და მალევე ვიქორწინეთ... ჩვენს ქორწილში მსახიობები, იუმორისტები მყავდნენ მოწვეული. ლამაზი დღე იყო ნამდვილად.

პირველი სიმღერა ნახევარი წლის წინ დავწერე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რადიოში ყველაზე მოთხოვნად სიმღერად ჩემი „ქეიფი მამა-პაპური“ ითვლება. ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. რეკავენ და ითხოვენ...

აი, ასე ჩემი მეგობრებო. ვერც ვიფიქრებდი ამ ასაკში თუ მეორედ ვიქორწინებდი. ღმერთი ყველას გულს ხედავს და სიკეთეს ბუმერანგივით უბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტკივილი გადავიტანე, ვცდილობ ყველა გავაბედნიერო სიმღერით იქნება ეს თუ იუმორით. 

ნუ იქნებით ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი, იყავით მთავარ როლში.  მოიწყეთ პირადი ცხოვრება. ყველაფერი კარგად იქნება!