„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
„მე ნათია ვარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი და ძალიან მინდა შენთან მეგობრობა. ჯერ ჩემი ფოტოები ნახე და მერე მომწერე – შეგიძლია, იმეგობრო ჩემნაირ ადამიანთან?..“ - ასე იწყებს საუბარს უცხო ადამიანებთან სოციალურ ქსელში ნათია მუშკუდიანი, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამბობს, რომ მასთან მეგობრობას გაურბიან. არადა მასაც უნდა ჰყავდეს ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ...
„რომ იცოდე, როგორ გამახარე, რომ დამთანხმდი მეგობრობაზე. ყოველთვის მინდოდა მეგობარი მყოლოდა, რომელსაც გულწრფელად მოვუყვებოდი ჩემზე, მომისმენდა და გამიგებდა. სამწუხაროდ, ჯერ ასეთი მეგობარი არ მყოლია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ვარ და არაფერი ვიცი. თუმცა ეს ასე არ არის. მეც ისევე ვგრძნობ, ვხედავ, განვიცდი, მესმის, როგორც სხვები. დედამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, რომ თავი განსხვავებულად არ მეგრძნო, მაგრამ...
შენ, შეგიძლია გამიგო ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები უგებენ და ესაუბრებიან ერთმანეთს? მითხარი, ოღონდ ძალიან გთხოვ, არ მომატყუო. მე არაფერი მინდა, ხანდახან, რომ მომწერო და მომიკითხო ხოლმე. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა მომისმინოს და გამიგოს. მეტი არაფერი. როცა ვგრძნობ, რომ ჩემი განსხვავებულობის გამო ადამიანები ჩემთან ურთიერთობაზე, მეგობრობაზე უარს ამბობენ, ძალიან მტკივა გული. ასეთი ადამიანები ოცნებას მიკლავენ...
ჩემი ოცნება იყო, მქონოდა სამსახური, ხელფასი და შეგროვილი ფულით პატარა სახლი მეყიდა, რომელსაც ისე მოვაწყობდი, როგორც მე მინდოდა. ამიტომ კომპიუტერის კურსები გავიარე. მინდოდა, სადმე მემუშავა, სადაც მიმიღებდნენ. გარეთ გავსულიყავი და მთელი ცხოვრება სახლში არ ვმჯდარიყავი. მაგრამ უკვე 30 წლის ვარ და ჯერ არსად მიმუშავია.
პატარაობიდან სცენაზე და სიმღერაზე ვოცნებობდი, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს მითქვამს. მინდოდა, მუსიკალური განათლება მიმეღო, მაგრამ ის წლები, როცა ამის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად მქონდა, ვერ გამოვიყენე და დღემდე ძალიან მწყდება გული. მიყვარს ძველი ქართული სიმღერები, სადაც ბევრი ემოცია და სევდაა – გულთან უფრო ახლოა. ძალიან მიყვარს ნატო გელაშვილი, მასთან ვმეგობრობ კიდეც.
ძალიან მიყვარდა ეთერ კაკულია და გიო ხუციშვილი. ისინი ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მათი გაცნობა ვერ მოვასწარი. ეთერ კაკულიას საფლავზე მარტო წავედი და ვუთხარი: ძალიან მიყვარხართ - მეთქი. არ ვიცი, გაიგო თუ არა, მაგრამ ღმერთმა ხომ დაინახა.“- ამბობს ნათია.

უკვე წლებია რაც თბილისში ქირით ცხოვრობს. ნათიას ერთადერთი შემოსავალი ინვალიდობის პენსიაა, რომელიც მისი მკურნალობისთვის საკმარისი არაა. ესაჭიროება მასაჟები, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს. ერთი კურსის ღირებულება - 600 -700 ლარია. მის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, რის გამოც ნათიას მდგომარეობა, წლებთან ერთად, უფრო და უფრო მძიმდება
„იცი, რამდენი რამ გადავიტანე?! 4 წლიდან 17 წლამდე იაშვილის კლინიკაში დავდიოდი ვარჯიშებზე. 17 წლის შემდეგ არაფერი გამიკეთებია და არსად აღარ მივლია იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა, ფინანსურად, ოჯახს აღარ ჰქონდა. მყავს უმცროსი და, რომელსაც ოჯახის ხელშეწყობა სჭირდებოდა.
რადგან საკმარისი შემოსავალი არ გვქონდა, ამიტომ 17 წლისამ ყველაფერზე უარი ვთქვი და ყველაფერი ჩემს დას დავუთმე. თავდაპირველად, გურჯაანის სკოლა - ინტერნატში დავდიოდი, სადაც ჩემნაირი ბავშვები სწავლობდნენ. თანაკლასელებთან ყველასთან ერთნაირად ვმეგობრობდი. შემდეგ თბილისში ჩამოვედი. ვსწავლობდი და დავამთავრე კიდეც 105-ე საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ კომპიუტერული პროგრამების კურსი გავიარე იმ იმედით, რომ სადმე დავსაქმდებოდი…
ჩემი ყოველდღიურობა ერთფეროვანია. ვუსმენ საყვარელ მუსიკას და კომპიუტერის საშუალებით სოციალური ქსელით ვსარგებლობ. ადრე ბევრს ვკითხულობდი, ბოლო წლებია, არაფერი წამიკითხავს. გულს ვეღარ ვუდებ. ახლა, სულ ჩემს თავზე ვფიქრობ და ვნერვიულობ, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორც წლების წინ ვიყავი.
არა, ჩემი თავი არასდროს მომწონდა, უბრალოდ ნელ-ნელა შესაძლებლობებს რომ ვკარგავ, ამას განვიცდი. ჩემი საყვარელი საქმიანობა დღეს უკვე მართლა აღარ ვიცი რა არის. ეს შეკითხვა 3 წლის წინ რომ დაგესვათ, აუცილებლად გიპასუხებდით. აღარ ვოცნებობ… რეალურად ვუყურებ ცხოვრებას…“ - ამბობს ნათია მუშკუდიანი.
მიმღები: ნათია მუშკუდიანი ,ანგარიში GE90BG0000000101360795GEL