დღეს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირი

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

მთავარი სიახლეები