1763237570
„დღეს დაიკრძალება სანიმუშო ადამიანი, რომელთანაც 60 წლის მეგობრობა მაკავშირებს“ - გოგი დოლიძე
ცნობილი კინომცოდნე, პროფესორი გოგი დოლიძე სოციალურ ქსელში ჯემალ ღაღანიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს დაიკრძალება ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი და სანიმუშო ადამიანი - ბ-ნი ჯემალ ღაღანიძე, რომელთანაც 60 წლის მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ ხომ ერთად გავხდით 1952 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები.
ახლა გონების თვალით გადავხედოთ იმ სახელოვანი პირველი კურსელების სიას და მგონი, ვაჟებიდან მხოლოდ მე დავრჩი - აღარაა გივი ბერიკაშვილი, ბორია წიფურია და სხვები და სხვები, რომელთაც ასე დიდი ამაგი დადეს ქართულ თეატრს.
დიდი მადლობა მინდა გამოვუცხადო - ჩემს ძვირფას მეგობარს, რომელიც წლების მანძილზე გვერდით მედგა, როცა საზეიმოდ აღვნიშნავდით ლადო მესხიშვილის,აკაკი ხორავასა და სხვა გიგანტების საიუბილეო თარიღებს, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად უჭირდა მთაწმინდაზე ამოსვლა, მაგრამ როგორ შეეძლო არ ამოსულიყო, ერთხელაც არ ეთქვა სამადლობელი სიტყვა ხორავასთვის, რომელმაც მიგვიღო ინსტიტუტში და გზა დაგვილოცა ცხოვრებასა და შემოქმედებაში.
დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ჯემალ, შენ ასეთი სანიმუშო კაცი იყავი ყველგან და ყველაფერში. დიდი მადლობა - მარად შენი გოგი დოლიძე“,- წერს გოგი დოლიძე.











