ბებია 5 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად აივანზე ცხოვრობს - ბაია პატარაია

ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ქალის ისტორიას ჰყვება, რომელსაც 4 თვის ბავშვი წაართვეს.

მისი თქმით, როდესაც ბავშვის მამასთან ჩვილის საკითხთან დაკავშირებით მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მას ბებია, 4 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად აივანზე ზრდიდა.

„ქალს 4 თვის ჩვილი წაართვა ქმარმა და აღარ დაუბრუნა. ქალი ხან სახლში მიადგა, ხან პოლიციაში მივიდა, ხან იურიდიული დახმარების ბიუროს მიაკითხა, ბოლოს და ბოლოს ჩვენთანაც აღმოჩნდა 4 თვის თავზე. დაირაზმა საფარი: 1 ადვოკატი, 2 სოცმუშაკი, პოლიცია, სახელმწიფოს სოცმუშაკი, თარჯიმანი, დედა თავისთავად და მიადგა ოჯახს ბავშვის გამოსაყვანად და აქ იწყება დაუჯერებელი ამბავი საქართველოს ჩამოქცეული სახელმწიფოსი:

ოჯახი - ბებია და 5 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობენ, არც მეტი და არც ნაკლები - აივანზე, საკუთარი სახლის აივანზე, რადგან მათი სახლი ახლა სხვისია და იმ სხვა მეპატრონემ მხოლოდ აივანზე ცხოვრების ნება დართო დროებით. აივანი ხალიჩებითაა გარშემორტყმული ქარისგან დასაცავად, მოუვლელი ბავშვები სკოლაში არ დადიან, მამა სამუშაოდაა ყაზბეგში, ხოლო ბებია უარზეა 8 თვის ბავშვი გაატანოს დედას.

პოლიცია ხელს სოცმუშაკისკენ იშვერს, იმან დადოს დასკვნა, რომ გასაყვანია და გავიყვანთო. სოცმუშაკი ამბობს, რომ ეს გარემო ბავშვისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი არ არის და სადაც 4 თვე გაძლო ამ ბავშვმა ამ ვითარებაში, კიდე გაძლებს. ჩვენები დემონსტრაციულად ეკითხებიან ბებიას თუ რას აჭმევს ბავშვს. ბებია პასუხობს, რომ აჭმევს იმას, რასაც თავად ჭამს, ხოლო ბანაობით მეზობლებთან აბანავებს. თუმცა, ხუთივე ბავშვი მოუვლელი და დასაბანია. 

ბოლოს ჩემები მირეკავენ და მიხსნიან, რომ სახელმწიფოს სოცმუშაკი არაპროფესიონალი და არაადეკვატურია და სახელმწიფო არ აპირებს ბავშვის გამოყვანას. მეთქი, მოკიდოს დედამ ხელი თავის შვილს და წამოიყვანოს და თუ ვინმე თავს დაესხმება მას, თქვენც მანდა ხართ და პოლიციაც, დაიცავით! და აი, ასე, უბრალოდ დავავლეთ ხელი ბავშვს და წამოვიყვანეთ, არანაირი არაფერი, მზერით გამოგვაცილეს...

დედებო, გახსოვდეთ, თქვენი შვილის წამოყვანის უფლება სულ გაქვთ, თუ სასამართლოს არ აუკრძალავს. ვიცი, რომ არ გეხმარებიან სახელმწიფო უწყებები, მაგრამ თქვენ გაქვთ საკუთარი შვილის აღზრდის უფლება და გამოიყენეთ ის. დახმარებისთვის კი დაუკავშირდით - საფარი/Sapari.

პ.ს. იმ სოცმუშაკს მივხედავთ!

პ.პ.ს. დანარჩენი 4 ბავშვზე განცხადებებს კი დავწერთ, მაგრამ მათი დედა სამუშაოდ თურქეთშია წასული, იურიდიულად იმ სხვა ბავშვებს ჩვენ ვერ წარმოვადგენთ მშობლების ნებართვის გარეშე და საქმე გაჭირდება“, - წერს ბაია პატარაია.