ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნებზე დაკვირვების ახალი მიდგომები განიხილეს

განხილვა

12-13 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ხელშეწყობით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „არჩევნებზე დაკვირვება და ანგარიშგება“. შეხვედრის მიზანი იყო არჩევნებზე დაკვირვების ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოების ნდობის გაძლიერება დაკვირვების პროცესის მიმართ.

ტრენინგის გახსნისას, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკუს ადელსბახმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა ხაზგასმით აღნიშნეს საზოგადოებრივი ადგილობრივი ორგანიზაციების მნიშვნელობების შესახებ საარჩევნო დარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების პროცესში. ასევე, გამოკვეთეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლის დაცვისა და არჩევნებზე დაკვირვების სამართლებრივი ჩარჩოს ბოროტად გამოყენების პრევენციის აუცილებლობა.

სესიებისა და ჯგუფური სამუშაოების დროს ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს.

დემოკრატიული არჩევნებისა და  დაკვირვების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ; ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება ხარისხის კონტროლის და ანგარიშგების, ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიაში დანერგილი სიახლეების შესახებ. გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის აუცილებლობა და საზოგადოებრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ბოროტად გამოყენების აღკვეთისათავის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.

ტრენინგი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

✕