1788900039
ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, 9 223 ლარის ფიქტიური აქტივი ბრალდებულების მიერ იქნა თაღლითური გზით დაუფლებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.












