„ცვლილების თანახმად, დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და თითოეული მუხლის მიხედვით იქნება ჩაშლილი“ - ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართა. მან სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ცვლილების თანახმად, რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და თითოეული მუხლის მიხედვით იქნება ჩაშლილი.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, თუმცა, ჩვენ ვაქვეყნებთ დანაშაულის თავების მიხედვით და არა კონკრეტული მუხლების მიხედვით ინფორმაციას. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ყოველკვარტალურად, ანუ სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, ჩაშლილი იქნება თითოეული მუხლის მიხედვით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით იქნება მითითებული მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, გახსნის მაჩვენებელი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, რომ იქვე შეადაროს წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.