შსს

თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი სიახლეები