სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა

სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეები ევროპელი მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეების კითხვები უკავშირდებოდა გიორგი გახარიას მიერ საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვის სისწორეს, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა ძალაში დატოვებს პირველი პალატის გადაწყვეტილებას, რითაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფომ ევროპული სტანდარტებით იმოქმედა, კითხვის ნიშნები კი უშუალოდ ოპერაციის დაგეგმვის და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ეხებოდა.

„ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს ზეპირი სხდომა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დიდმა პალატამ ამაზე დაყრდნობით გამოიტანოს გადაწყვეტილება. პროცედურულად რაიმე კონკრეტული ვადა გაწერილი არ აქვს სასამართლოს, რა ვადაშიც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ალბათ უკვე იქნება დიდი პალატის გადაწყვეტილება და იქიდან გამომდინარე, რა პოზიციებიც იყო წარდგენილი და რა კითხვებიც დაისვა დიდი პალატის მხრიდან, გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა არ შეცვლის პალატის გადაწყვეტილებას”, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.