მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

შსს

კაცს, რომელიც კახეთში დაჭრის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია იმ ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც ერთ-ერთ სოფელში, 19 იანვარს მოხდა.

არასრულწლოვანი გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მოძალადე ბავშვის მეორე ბიძამ დაჭრა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, თავად არასრულწლოვანი გოგონა უსაფრთხო ადგილას იმყოფება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. აღნიშნულ საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით, შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“- განაცხადეს სააგენტოში.

არასრულწლოვანზე სავარაუდო მოძალადის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაჭრილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გოგონას გაუპატიურების ფაქტი აღიარა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის დღეს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე, ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფექტის მდგომარეობაში ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩავარდა.

„ვითხოვდი 20 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას, რადგან მან ახლა გააცნობიერა თავისი მოქმედების შედეგი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავარდა აფექტის მდგომარეობაში, როცა დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა ეს სიმართლე, ნათესავი მამაკაცისგან დადებითი პასუხი მოისმინა"- განაცხადა ჩიქოვანმა.

გამოძიება მის წინააღმდეგ  19/108 -ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამძიმდა, რადგან თავდაპირველად საქმე 117-ე , ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იყო აღძრული. ბრალდებული ფაქტს აღიარებს. ის პოლიციას თავადვე ჩაბარდა და დანაშაულის იარაღი დანაც, პოლიციას თავადვე მიუტანა. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე  სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კაცის ორი ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება გაუპატიურებაში ბრალდებულს. ის ამჟამად საავადმყოფოშია და მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

 

საავადმყოფოშია მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი მოზარდიც.