მამა შვილს ქორწინებას აიძულებდა, გოგო საავადმყოფოში მოხვდა - რა გაარკვია შსს-მ

იძულებითი ქორწილი

პოლიციამ ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც მამამ 20 წლის გოგონას ქორწინება აიძულა, ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში მოხვდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებების შედეგად, შ. ა. შეტყობინების მიღების დღესვე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.