ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

ელისაშვილი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ, წუხელვე დატოვა.

„ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის, მათ ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„გუშინ დატოვა „ვივამედი“ და გადაიყვანეს ისევ დუშეთის იზოლატორში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას არ გვაწვდის. კლინიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა დროს მოითხოვს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, როდესაც გადმოიყვანენ თბილისში, ვინაიდან დღეს პროცესი მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გამომძიებლისგან ზარს ველოდები, სხდომა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინიშნოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ელისაშვილს გამოძიება "ქართული ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო-კამერის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც მომხდარი დაპირისპირება ჩანს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელისაშვილს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.