ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეკანსა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეეფარდათ - ისინი ბრალს არ აღიარებენ და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ

დაკავებული დეკანი და 4 სტუდენტი

სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და, მასთან ერთად, ოთხი სტუდენტი ჯგუფურ ძალადობაშია მხილებული. ინციდენტი უნივერსიტეტის შენობაში 3 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ბრალდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ ლექტორს, თეა ცაგურიას, რომელმაც უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო პლაკატების გაკვრა გააპროტესტა, მოგვიანებით კი სასწავლო დაწესებულებაში მისულ თეა ცაგურიას ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა საქმის მთავარი მტკიცებულებაა.

თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. ბრალდებული სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, დაკავებული დეკანი კი საუნივერსიტეტო გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

პოლიტიკურ დევნაზე საუბარს სპეკულაციად მიიჩნევს პროკურორი. ბრალდების მხარე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქმე ეხება ჯგუფურ ძალადობას, რასაც სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებიც ადასტურებს.

დაზარალებული ირაკლი დევიძეა. ის მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ, მეუღლის შეურაცხყოფის შემდეგ, უნივერსიტეტში დეკანთან სასაუბროდ მივიდა, თუმცა მას, საუბრის ნაცვლად, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.