დააკავეს მორჩილი, რომელმაც ყოფილ სასულიერო პირს სცემა

სასულიერო პირის ცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს 

„მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა.

ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით“,- ნათქვამია უწყებაში. 

ამასთან, საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი“.