ადეკვატურობა ვერ შევნიშნე... მშობლები მოიკითხა, როგორ არიანო? - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ქეთა კეპულაძე

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ, გოგა გზირიშვილს.

როგორც ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეში მყოფი მომხდარს ძალიან განიცდის.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი შესული. ისევ ისეა, როგორც იყო. ექსპერტიზა დაინიშნა და ველოდებით, როდის გადაიყვანენ. ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით. ვისაუბრეთ. ადეკვატურობა ვერ შევნიშნე... ძალიან განიცდის მომხდარს. ერთი სიტყვით, რომ ვთქვა უხასიათოდაა. წინასასამართლო სხდომის შესახებ მკითხა. ვუთხარი ისიც, რომ ექსპერტიზაა დანიშნული. მშობლები მოიკითხა, როგორ არიანო? ვუთხარი, რომ დედამისი იტალიიდან ჩამოვიდა. თვითონვე მოისურვა საუბრის შეწყვიტა. მოდი, წავალო,“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ მევლუდ ჯანჯღავამ.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.