ზემო ნიქოზის სკოლაში საპირფარეშოს რეაბილიტაცია 2 წელია მიმდინარეობს

ნიქოზის სკოლა

ზემო ნიქოზის სკოლაში საპირფარეშოს რეაბილიტაცია 2 წელია მიმდინარეობს. ამის გამო ინდმეწარმე ლევან ნადირაძე შავ სიაში შეიყვანეს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და იმავე წელს უნდა დამთავრებულიყო. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოხსენებით ბარათში აღნიშნავენ, კომპანიამ არ შეასრულა დაახლოებით 15 ათას ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. საბოლოოდ, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოთხოვნით, ინდმეწარმე 2022 წლის 12 იანვარს შავ სიაში შეიყვანეს.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესში ინდმეწარმე ლევან ნადირაძე მეორე ყველაზე დიდი კონტრაქტორი იყო გორის მერიისთვის - ,,ზუკამშენის'' შემდეგ. ლევან ნადირაძე ინდმეწარმედ 2004 წელს დარეგისტრირდა და საქმიანობა სასურსათო მაღაზიით დაიწყო.

გორის მერიამ პანდემიის პერიოდში 1-ლი ხელშეკრულება მასთან 2020 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. ნადირაძეს ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ტუალეტები უნდა გაერემონტებინა. ინდმეწარმემ დაიქირავა მუშები და შეუდგა საქმიანობას, თუმცა სამუშაოები დათქმულ დროს, 45 დღეში, 30 ნოემბერს ვერ დაასრულა. ვადა თითქმის 10-ჯერ გადაუწიეს.

ლევან ნადირაძემ გორის მერის ზედამხედველობის უფროსს, ზვიად ანესაშვილს აცნობა, რომ მუშახელი არ ჰყოფნიდა. ამ შინაარსის წერილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კიდევ 2-ჯერ გაუგზავნა. გარდა ზემო ნიქოზისა, ლევან ნადირაძე ვერ ასრულებდა დაკვეთას სათემოსა და ხურვალეთში.

წყარო: qartli.ge