1732386875
რუსთავის მერია 450 სპორტსმენისა და მწვრთნელისთვის, ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს
რუსთავის მერია, რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, მაღალი ხარისხის ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულებას, ხელი ახალ სპორტის სასახლეში მოეწერა. რუსთავის მერიის სპორტის სამსახურს, შპს ,,გაფა ბიზნესი“ იტალიური ბრენდის - ,,მაკრონის“ 450 წყვილი სპორტული სამოსით მოამარაგებს, რომელზეც მერიის ბრენდინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რუსთავის ახალი ლოგოტიპი იქნება დატანილი.
,,რუსთავის მერიის გუნდის გადაწყვეტილებით, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, პირველად გადაეცემათ სრული ეკიპირება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტი სიამაყითა და მონდომებით წარმოადგინონ ყველა იმ შეჯიბრზე, სადაც ისინი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის სახელით მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ შევეცადეთ, რომ ხარისხი ყოფილიყო ძალიან მაღალი და გვიხარია, რომ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც ,,მაკრონის“ ბრენდის სპორტული ეკიპირებით შემოსავს მათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
თანამედროვე, მაღალი კლასის ბრენდის ,,მაკრონის“ წარმოებული ეკიპირება, რუსთაველ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის მწვრთნელებს გადაეცემათ. სპორტულ სამოსს, ის სპორტსმენ-მოსწავლეებიც მიიღებენ, რომლებიც საქართველოს, საერთაშორისო, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობენ. ,,საქართველოსთვის და რუსთავისთვისაც, წლევანდელი წელი სპორტული მიღწევებით გამორჩეულია. ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა მადლიერებას გამოხატავს ახალგაზრდა რუსთაველი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიმართ, ამიტომ სპეციალურად მათთვის შექმნილი იქნა მაღალი ხარისხის სპორტული სამოსი. სპორტული ეკიპირება დაბრენდილი იქნება რუსთავის ლოგოტიპით, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტი შემართებითა და სიამაყით წარმოადგინონ შეჯიბრებებზე და ტურნირებზე “, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
450 წყვილი ეკიპირების (მაისური, მოსაცმელი, შარვალი, ზურგჩანთა) შესაძენად, ტენდერი გასულ თვეს გამოაცხადა, რომელშიც შპს "გაფა ბიზნესმა" გაიმარჯვა. კომპანია ფორმებით არაერთ სპორტულ კლუბს, მათ შორისაა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ამარაგებს.