ირაკლი ლაზარაშვილმა და დავით ლომიძემ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს გასვლით სხდომაზე, საზოგადოებას 2022  წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მერიის, საკრებულოს და  მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს დამსწრე აუდიტორიას, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა 2023 წლის გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე და მთავარ პრიორიტეტებზე.

როგორც  მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი 21 630,00 ათასი ლარი იყო, წლის ბოლოს დაზუსტებულმა კი 39 837,4  ათასი ლარი შეადგინა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციაზე, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობაზე,  საბავშვო ბაღებსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე.

2022 წელს ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა ან დასრულების ეტაპზეა 114 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებაა 19 079 101  ლარი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს  დაფინანსების 5 წყარო გააჩნდა, საიდანაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 18, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 51, მთის ფონდიდან 1 და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 2 პროექტი განხორციელდა.

შეხვედრის მონაწილეები, ასევე გაეცნენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების  ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას. აღინიშნა,  რომ 2022 წელს 6 552-მა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება და დაფინანსების ოდენობამ 1 642 527  ლარი შეადგინა. „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯამში 28 სახის ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლოთ. ხაზი გაესვა იმას, რომ  გასული წლის  სექტემბრიდან ახალციხის სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებებში-სამხატვრო და სამუსიკო სკოლებში სწავლა უფასო გახდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა კონტინგენტი.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, მათ დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიშები, ადგილობრივ თვითმმართველობას წარმატებები უსურვეს და  მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა,  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს, მათ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნენ.