იმერეთში დილიდან წმენდაში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო, ისევ გასახსნელი რჩება 103 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 000-მდე აბონენტს - იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი

ლევან ზალკალიანი

სტიქიას ებრძვიან იმერეთში - გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელ გზებზე.

პრობლემები ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც შეიქმნა - თოვლის საფარმა აქ 1 მეტრს გადააჭარბა. საავტომობილო გზა გახსნილია ქუთაისი-თერჯოლის მიმართულებით. ჩაკეტილია სოფელ მუხურამდე მისასვლელი გზა. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

"იმერეთში 4 დღეა ინტენსიურად თოვს. თორმეტივე მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკით მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა ქალაქის ქუჩებსა და სოფელთან მისასვლელი გზების წმენდა. დილით წმენდაში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო, ისევ გასახსნელი რჩება 103 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 000-მდე აბონენტს და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1600 აბონენტს", - აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.