" ემუქრებოდნენ, იძულებული ვიქნებით, გესროლოთო... გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა" - გურჯაანელი კაცის ისტორია

გურჯაანელი კაცის ისტორია

გურჯაანელი ზურაბ დანელიშვილი 34 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში ერთ - ერთი პირველი წავიდა.
ისტორიის პედაგოგს, სამშობლოს დასაცავად, გურჯაანიდან, ოცკაციანი ჯგუფი ჰყავდა წაყვანილი.

ზურაბ დანელიშვილის მეუღლე, მარინე ზარდიაშვილი „პრაიმთაიმთან“ იხსენებს, რომ მისი მეუღლე, რომელიც ახლა გარდაცვლილია, აფხაზეთის ომში სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა.

„საოცრად ნიჭიერი კაცი იყო, მის გონებას არ ჰქონდა საზღვრები. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, პედაგოგად მუშაობდა, მაგრამ სამხედრო საქმესაც არ ტოვებდა. 34 წლის იყო, ერთ - ერთი პირველი წავიდა აფხაზეთში. მე ბავშვს ველოდებოდი, თან ვენახი გვქონდა დასაბინავებელი. ჩემს გამო, ცოტა ხნით, შვებულებით დაბრუნდა და ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ მისი ბატალიონი სრულად დაიღუპა გაგრაში. მერე გავიგე, იმ თვითმფრინავში მჯდარა, სოხუმიდან გია ყარაყარაშვილი და თამაზ ნადარეიშვილი, რომ მოფრინავდნენ და რომელსაც გუდაუთის აეროდრომზე უბრაძანეს დაჯდომა. ემუქრებოდნენ თურმე, იძულებული ვიქნებით გესროლოთო. სანამ არ გახმაურდა, არც კი მოუყოლია. გარდაუვალ სიკვდილს გადარჩა ორივეჯერ“, - ამბობს მეუღლე.

ზურაბ დანელიშვილი მონაწილეობდა ეშერას, გუმისთას, შრომასთან გამართულ ბრძოლებში, სადაზვერვო საქმიანობის დროს, რამდენიმე გადასვლა ჰქონდა მტრის ზურგში და ბოლო დღემდე იბრძოდა სოხუმის დაცვისათვის. ამიტომ აფხაზეთის დედაქალაქის დაცემისას, ოჯახმა და ახლობლებმა, ის გარდაცვლილად ჩათვალეს.

„27 სექტემბერს, გამოცხადდა სოხუმის დაცემა, დავრწმუნდი, რომ დაიღუპა. ვიცოდი მისი ხასიათი, ზურიკო ქალებს და ბავშვებს არ გაწევდა გვერდით და ბორანზე ან ვერტმფრენში არ შეეტენებოდა. გალის, ზუგდიდის გზა, ლოთი ქობალიას გვარდიას ჰქონდა გადაკეტილი. რჩებოდა სვანეთის გზა. სოხუმიდან ზაფხულის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით წამოსულ ხალხს, "პერევალზე" თოვლ-ჭყაპი წამოეწია. რამდენიმე დღის მერე, ამბავი მოიტანეს, გურჯაანელები, ყველა ცოცხალია, ფეხით გამოვიდნენ სოხუმიდან და იმიტომ არ ჩანანო... გულის სიღრმეში იმედის მცირე სხივი მაინც დარჩენილი მქონდა. მე არ მაჩვენებდნენ და მეზობლები , თურმე შეიკეტებოდნენ ერთმანეთთან და ტიროდნენ. გამთენიისას სადარბაზოს ხის კარზე, იარაღის კონდახით დააბრახუნა. ისედაც ნახევარი თვალით მეძინა, თვალებგაუხელლად მივხვდი, რომ ზურიკო იყო და ფეხშიშველი ვეცი კიბეს. ისეთი გამხდარი იყო, წვერებიანი, ჭუჭყიანი, იარაღები გარდიგარდმო ჰქონდა გადაკიდებული“.

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ზურაბ დანელიშვილი უკვე ვიცე - პოლკოვნიკი იყო. ომის ვეტერანი კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას დაუბრუნდა, თუმცა, ომზე საუბარი არ უყვარდა.

„უკვე პედაგოგობის დროს, შეისწავლა ინგლისური, ჩემს შვილთან ერთად, გაეცნო ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ- უნარ- ჩვევებს და ბავშვებსაც კი ამეცადინებდა, იწვევდნენ აფხაზეთის საკითხებზე მოსალაპარაკებლად და ქართული მხარის წარმომადგენლადაც კი იყო დანიშნული, მაგრამ არაფრით უყვარდა ომზე ლაპარაკი.

ახლაც შენახული მაქვს სოხუმის და მისი შემოგარენის ტოპოგრაფიული რუკა. გადმოცემით ვიცი, რომ სოხუმის დაცემიდან მესამე დღეს გამოსულა, თანამებრძოლებთან ერთად. რა ხდებოდა იმ დღეებში, არასოდეს ჰყვებოდა. თითქოს ამ ომზე მოგონებები ჩაკეტა და დაივიწყა. ახლა გული მწყდება, რამდენი ამბავი წაიღო თან, რამდენი მოგონება და ისტორია. ისე გარდაიცვალა, იმ საშინელებებზე, რაც ნახა და გადაიტანა, არ ულაპარაკია“, - გვიამბო პედაგოგის მეუღლემ.

კახეთში ცნობილი პედაგოგი, ვიცე-პოლკოვნიკი, ზურაბ დანელიშვილი, გურჯაანში, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.