ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა, ქუჩის ორივე მხარეს სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩა

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და ქუჩის ორივე მხარეს სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პროექტის მიმდინარეობას გაეცნო და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მონაკვეთი ბათუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა, რომლის განახლება გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

„სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე. დღეს უკვე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის სტუმრებსა და ბათუმელებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ბათუმში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ძველი, ამორტიზებული ქვაფენილის ახალი ასფალტის საფარით ჩანაცვლება. სამუშაოები ხორციელდება აეროპორტის მიმართულებით, ასევე, დღეს აღდგა მოძრაობა ბარცხანის ხიდზე. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება რეგიონში“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის განხორციელებით სრულდება რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამში 22 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა.

გოგებაშვილის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩის მსგავსად, არსებული ქვაფენილის ნაცვლად დაიგო ასფალტის საფარის სამი ფენა, განახლდა მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებისა და ბორდიურების ნაწილს, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
პარალელურად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ გრძელდება ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების პროექტი. მიმდინარე წელს, სამუშაოები უკვე 9 ქუჩასა და მონაკვეთზე განხორციელდა. ამჟამად რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხინიკაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე, ხოლო უახლოეს პერიოდში კიდევ 7 ქუჩისა და მონაკვეთის განახლებაა დაგეგმილი.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოების ხარისხს," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.