ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია და რამდენიმე ახალი სკვერის მშენებლობა მოხდება

ოზურგეთის მერი

ოზურგეთში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია და რამდენიმე ახალი სკვერის მშენებლობა მოხდება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტების წარდგენისას განაცხადა. 

მერის განცხადებით, იწყება ე.წ. „ჭადრების პარკის“ რეაბილიტაცია და განახლება;

ასევე, ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის განვითარება, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა; ექადიის ტყე-პარკი დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება.

მერმა პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერის განახლება და ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დააანონსა. ასევე, სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის განვითარებაზე ისაუბრა. ჯამურად ამ პროექტებში 10 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოხდება.

ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია,ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად განახლებული თეატრის წინ, მთელი სივრცე იქნება მოწყობილი ისე, როგორც ეს ევროპულ ქალაქს შეეფერება.

,,პროექტი მზადდება და დავიწყებთ ჭადრების პარკის რეაბილიტაციას და განახლებას მრავალწლიანი ნარგავების სრულად დაცვის და დასვენებისთვის კომფორტული სივრცის შექმნის პირობით.  იწყება მუშაობა ექადიის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სადაც უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს. ექადიის ტყე-პარკი დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება. პროექტზე ვმუშაობთ და მოხდება პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას და განახლებას. ოზურგეთში, ნინოშვილის და ჟორჟოლიანის ქუჩების  კვეთაში მოეწყობა ახალი სკვერი და რეკრეაციული სივრცე. ვმუშაობთ პროექტზე და მოხდება სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის განვითარება,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.