აქცია თელავში - სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა სტადიონის აღდგენას ითხოვს

karajala

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლის, ყარაჯალის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სტადიონის აღდგენა მოითხოვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სტადიონი ზამთარში გაფუჭდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

"სოფელს სჭირდება სტადიონი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული, თამაშობენ, ვარჯიშობენ. ზამთარში გაფუჭდა და მას შემდეგ აღარ აღუდგენიათ. ვითხოვთ, რომ გააკეთონ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ კვირაში დაიწყება.

"საქმე ისაა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. ახლა გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და მომავალ კვირაში სამუშაოები დაიწყება", - განაცხადეს მერიაში.

სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "პარამეტრი" ჩაატარებს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.