საოცარი გოგრის ფხალი - სამარხვო საახალწლო სუფრისთვის

pumpkin

სამარხვო საახალწლო სუფრა, გარდა იმისა, რომ უფრო ჯანსაღია, მეტად ლამაზი და ფერადია, დაგვეთანხმებით. ათასგვარი ფხალეულით, სალათითა და ჩირეულით მორთულ-მოკაზმულია. თანაც, პირველ-ორ იანვარს, თევზით ხსნილია, გახსოვდეთ.

ახლა გთავაზობთ საოცრად გემრიელი გოგრის ფხლის რეცეპტს შეფ ლევან კობიაშვილის მენიუდან.

შეფი ამ კერძისთვის მუსკატის გოგრას ანიჭებს უპირატესობას.

"მე ვამჯობინებ ღუმელში გამომცხვარ გოგრას, შებრაწულს, ვიდრე წყალში ან ორთქლზე მოხარშულს. სულ სხვა არომატი ეძლევა.

გოგრა რამდენიმე ნაწილად დაჭერით და ერთი საათის მანძილზე გამოაცხვეთ ღუმელში, 150 გრადუსზე.

სანამ ღუმელში გოგრა ცხვება, სანელებელი მოამზადეთ: მოთუშეთ ხახვი და ნიორი. ოქროსფერ ფერზე მიიყვანეთ და გააცივეთ. ფხალს ცივად ერევა.

გამომცხვარი (მოხარშული) გოგრა ამოაცალეთ ქერქს და ჯამზე გადაიტანეთ. გააგრილეთ. მოაყარეთ გატარებული ან დაბლენდერებული ნიგოზი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, დაღერღილი წიწაკა. უხდება შინდის ჩურჩა. თუ არ გაქვთ, სხვა ნებისმიერი კენკროვანი ჩირი დაჭერით და შეურიეთ. მისი მომჟავო-მოტკბო გემო ძალიან უხდება გოგრის ფხალს. ბოლოს მარილი და ძმარი, ან ლიმონი, რომელიც ფერსაც უნარჩუნებს კერძს, სიმჟავესაც სძენს და პირადად, ჩემთვის, უკეთეს გემოს აძლევს. თუმცა, თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ, ტრადიციულად, ძმარი გამოიყენოთ" - ამბობს შეფ ლევან კობიაშვილი.

გოგრის ფხალი გემრიელია გახუხულ პურთან, მჭადთან ან ღომთან ერთად...

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

"მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ. ეს წვნიანი სასწაულია" - უნდა სინჯოთ!

რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად - საინტერესო ანატომია

„ფეხით სიარულში რომ ჩაგეთვალოთ, გარეთ უნდა იაროთ და არა სამზარეულოდან საძინებლამდე...“ - გულიკო ჩაფიძის რჩევები