როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ადამიანს ტემპერატურა ძალიან მაღალი აქვს, ან პირიქით, ძალიან დაბალი

მაღალი ტემპერატურა

36,6 °C იდეალური ტემპერატურა სულაც არ არის. ეს მაჩვენებელი, პირის ღრუში გაზომვის შედეგად, ჯანმრთელი ადამიანის საშუალო ტემპერატურას წარმოადგენს. ერთ-ერთ კვლევაში სხეულის ნორმალური ტემპერატურა 35,3-დან 37,7 °C-მდე მერყეობს, სხვა ნაშრომის მიხედვით კი - ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტია. ამ უკანასკნელის მიხედვით, თუ ყურში და საფეთქელთან გაზომილი ტემპერატურა 36,6 °C  იყო, იღლიაში იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 0,26 °C-ით ნაკლები, დაახლოებით 36,3 °C-ს წარმოადგენდა. მაშასადამე, საშულო ნორმალურ რექტალურ ტემპერატურაზე მონაცემები განსხვავებულია. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს 36,9 °C-ია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში სიცხედ 38 °C-სა და უფრო მაღალ მაჩვენებელს (გაზომვის ადგილის დაზუსტების გარეშე) განსაზღვრავს. გარდა ამისა, თუ ტემპერატურის გაზომვა ვერ ხერხდება ან ადამიანს სიცხის დამწევი მედიკამენტი აქვს მიღებული, ნებადართულია თავად პაციენტის შეგრძნებაზე დაყრდნობა: თუ ის გრძნობს, რომ ტემპერატურა მომატებულია, როგორც ჩანს, ეს ასეა.

ამავდროულად ცნობილია, რომ ახალშობილებს, ხანდაზმულებსა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება სულაც არ ჰქონდეთ მომატებული ტემპერატურა ისეთ პირობებში, როდესაც ეს სხვა ადამიანებს აქვთ. 

ნიშნავს თუ არა ტემპერატურის მატება, რომ ორგანიზმში სადღაც ანთებაა? 

ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს. თუმცა ამას ჰიპერთერმიაც იწვევს. ამ უკანასკნელის დროს ორგანიზმს ნორმალური ტემპერატურის შეგრძნება აქვს, თუმცა ამავდროულად სხვადასხვა მიზეზით გათბობის პროცესს აგრძელებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თბილი ტანსაცმელი, დახურულ დაწესებულებაში ვარჯიში, ექსტაზის მიღება და სხვა. ამ მდგომარეობასთან ბრძოლა სიცხის დამწევი საშუალებით არ შეიძლება, გრილი შხაპის მიღება უმჯობესია.

ჰიპერთერმიისა და სიცხის ერთმანეთისგან განსხვავების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. როგორც წესი, ექიმები სხვა სიმპტომებსა და თანმხვედრ ფაქტორებს ეფუძნებიან. მაგალითად, თუ ზაფხულში პაციენტი სპორტული მოედნიდან შემოიყვანეს, ექიმები ჰიპერთერმიას ივარაუდებენ. თუ ადამიანი ცხელია, მაგრამ არ ოფლიანობს, ესეც ჰიპერთერმიის ნიშანია. ასეთ დროს სიცხის დამწევი საშუალება არ მოქმედებს. 

თუ ტემპერატურა ძალიან დაბალია, ეს ნორმალურია? 

ძალიან დაბალი ტემპერატურა საშუალოდ 35 °C-ზე დაბალია. ამ მდგომარეობის ყველაზე ხშირი მიზეზია ქუჩაში ყინვა ან დაბალი ტემპერატურა დაწესებულებაში. თუმცა ჰიპოთერმია (მდგომარეობა, როდესაც ტემპერატურა დაბალია) შეიძლება სხვა პირობებშიც წარმოიქმნას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

- ჰიპოთირეოზი;
- თავის ტრავმა;
- ინსულტი;
- ჰიპოგლიკემია;
- ნერვული ანორექსია;
- ზოგიერთი პრეპარატის მიღება;
- ფიზიკური ვარჯიშის უგულებელყოფა;
- ალკოჰოლით მოწამლვა.

ადამიანს შეიძლება დაუფიქსირდეს მეხსიერების დაქვეითება, გონების დაკარგვა, საუბრის უნარის გართულება, ხშირი სუნთქვა და სხვ. 

როგორ გავიზომო ტემპერატურა სწორად? 

სახლის პირობებში ტემპერატურის გაზომვის ყველაზე ზუსტი მეთოდი არის რექტალური (სწორი ნაწლავიდან). თუმცა აქ ისმის კითხვა - არის თუ არა საჭირო ასეთი სიზუსტე, თუკი ეს მეთოდი უსიამოვნოა.

თუ თქვენ ტემპერატურის პირის ღრუში გაზომვა გინდათ, ეს უნდა გააკეთოთ 20-30 წუთის შემდეგ, რაც მოწიეთ, ცხელი ან ცივი სასმელი დალიეთ. თერმომეტრის წვერი ენის ქვეშ უნდა ამოიდოთ და ცხვირიდან ისუნთქოთ.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ტემპერატურის სწორი ნაწლავიდან გაზომვა 3 წლამდე ასაკის ბავშვებშია მიღებული, რადგან დიდი ალბათობით ისინი პირში თერმომეტრის ნორმალურად გაჩერებას ვერ შეძლებენ.

ტემპერატურის იღლიის ქვეშ გაზომვა, არც თუ ისე იშვიათად, ზუსტი არ არის, რადგან ადამიანები ხელს არათანაბრად უჭერენ. თუმცა დიდ ბრიტანეთში სპეციალისტები მშობლებს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ტემპერატურის გაზომვას სწორედ ამ გზით ურჩევენ და რექტალურ მეთოდს უარყოფენ.

გამოყენებამდე თერმომეტრი საპნიანი თბილი წყლით უნდა გარეცხოთ ან სპირტით გაწმინდოთ. ყოველი მეთოდისთვის ცალკე თერმომეტრი უნდა გქონდეთ. არ შეიძლება რექტალური და იღლიის ქვეშ გაზომვისთვის ერთი და იგივე თერმომეტრი გამოიყენოთ.

რა უნდა ქნათ, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ? 

ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ცუდად გრძნობთ თავს, მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალება და ბევრი სითხე, რათა ორგანიზმის გაუწყლოება არ დაიწყოს. მაგიური ციფრი, რომლის შემდეგაც ტემპერატურის შემცირება აუცილებელია, არ არსებობს. უშუალოდ სიცხის შედეგად რაიმე პრობლემა შეიძლება მხოლოდ ძალიან მაღალი ტემპერატურის შედეგად წარმოიშვას. ეს მაჩვენებელი კი არის 42 °C და მეტი.

არსებობს მოსაზრება, რომ სიცხე ადამიანის იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება, თუმცა ამის შესახებ საიმედო მტკიცებულებები არ არსებობს. ახალი კორონავირუსული ინფექციის პირობებში გაჩნდა ეჭვი, რომ იბუპროფენი დაავადების მსვლელობის პროცესს ართულებს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეისათვის ამას არ ადასტურებს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ? 

 

იმ შემთხვევაში, თუ:

- ორსულად ხართ;- ახლახან გამოგწერეს საავადმყოფოდან ან ოპერაცია ახალი გაკეთებული გაქვთ;- ინფექციური დაავადებებისადმი ხართ მიდრეკილი; - ახლახან დაბრუნდით იმ ქვეყნიდან, სადაც ეგზოტიკური დაავადებაა გავრცელებული;- გადიხართ ქიმიოთერაპიის კურსს და 38 °C-ზე ტემპერატურა საათზე მეტია გაქვთ; - იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს; - სიცხე რამდენიმე დღეს გრძელდება ან ისევ გიბრუნდებათ; - ახლახან ტკიპამ გიკბინათ; - მძიმე დაავადება გაქვთ; - გამონაყარი გაგიჩნდათ; - ქოშინი დაგეწყოთ;- დაგეწყოთ ძლიერი ტკივილი თავის, კეფის, ზურგის ან მუცლის არეში; - გქონდათ კრუნჩხვა ან მეხსიერების დაქვეითება; - ძლიერი ღებინება ან დიარეა გაქვთ (დარეკეთ სასწრაფოში).