როგორ გავუმკლავდეთ ბავშვებში მოზარდობის პერიოდს - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე ბავშვებში ასაკობრივ კრიზისებზე საუბრობს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოზარდობის პერიოდში მშობლებისა და გარემოს სწორ მიდგომებს, რომ ბავშვი პასუხისმგებლიან ადამიანად ჩამოყალიბდეს.

„ძალიან სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ, მშობლები ყოველთვის იმ მიმართულებით ვმოძრაობთ, რაც ჩვენ მოგვწონს. ჩვენს საჭიროებს, ილუზიებს, წარმოდგენებს შვილებს თავზე ვახვევთ და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ზოგადად, მთელი ჩვენი ცხოვრება ილუზიების დაკარგვის პროცესია. 2 წლის ასაკში ბავშვი პირველად აღმოაჩენს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს. მართალია, საქართველოში 40 წლის ასაკშიც გვგონია, რომ სამყარო ჩვენ გარშემო ტრიალებს და ჩვენი უზარმაზარი ეგო გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ, ზოგადად, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ცხოვრება ილუზიების დაკარგვის პერიოდია. ფსიქიკური ჯანმრთელობა ამის უმტკივნეულოდ დაკარგვაში გვეხმარება, ანუ ცხოვრება ახალ გამოწვევებსა და მოთხოვნებს გვიყენებს და უმტკივნეულოდ, ბუფერულად გადავდივართ, ვკარგავთ ილუზიას და გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მშობლებსაც მსგავსი ილუზიები აქვთ. მშობელს ბევრი თავისი პრობლემა აქვს და მე თუ მკითხავთ, ჯერ მას უნდა დავუჭიროთ მხარი და მერე ბავშვს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვმტკიცდები იმ მოსაზრებაში, რომ მშობლებს მხარდაჭერა, თერაპია, გაგება სჭირდებათ იმიტომ, რომ მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. ეს კი ბავშვებზე სარკისებურად აისახება. პუბერტატის პერიოდი იმიტომაა საშიში, რომ საწინააღმდეგოდ ვმოძრაობთ. ნერვები გვეშლება, ბავშვი რომ იქამდე მორჩილი, მშვიდი იყო და უცებ რევოლუციონერი, აჯანყებული გახდა, სულ გვეწინააღმდეგება, ვერ ვიგებთ, რა სწყინს და უხარია. მაგრამ, რაც მთავარია, თავადაც ვერ იგებს, რა უნდა.

თუ გვეცოდინება, რომ ეს არის მისი საჭიროება, რომ უნდა გაიგოს, ვინ არის და ამაში უნდა დავეხმაროთ, მოგვარებასაც შევძლებთ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ. თავისუფლება პასუხისმგებლობაა, რომლის ტარებაც ძალიან მძიმეა. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არჩევანი თავისუფალია, მაგრამ იმ არჩევანზე პასუხს აგებს. მთელი ჩვენი საზოგადოება იმ თინეიჯერის ასაკშია, როცა რაღაცას ვირჩევთ და ქცევის შედეგებზე პასუხს არ ვაგებთ. იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ პასუხს არც საზოგადოება გვთხოვს. ჩვენს საზოგადოებაში ქცევის შედეგებზე რეაგირება ადეკვატური არ არის, ამიტომ იქ ვართ, სადაც ვართ. ხშირად კონტროლი და რეგულაცია არ გვაქვს. კონტროლი სხვა რამეა, რეგულაცია - სხვა. ორივე გვჭირდება და ეს პუბერტატის პერიოდში კი არ ყალიბდება, უკვე 2 წლის ასაკიდან იწყება. ყველგან გარემო უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ბავშვმა თვითრეგულაცია და თვითკონტროლი ისწავლოს. იმიტომ, რომ კრიზისულ პერიოდებს ადვილად გაუმკლავდეს“,- ამბობს თამარ გაგოშიძე გადაცემაში „პირადი ექიმი" .