რატომ არის აკრძალული პომადის წასმა ხვალ, 24 სექტემბერს

პომადა

24 სექტემბერს ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის ხსენების დღეა.  თეოდორა და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს. მათ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით წმინდა თეოდორა საშინელ ცოდვაში ჩავარდა.

ჭაბუკმა, რომელსაც ძალიან მოსწონდა თეოდორა, ერთი ცრუ და მლიქვნელი დედაკაცის დახმარებით შეძლო მისი ცდუნება. თეოდორამ უღალატა მეუღლეს და როცა „განსრულდა ცოდვაჲ იგი“, მხოლოდ მაშინ გულისხმაყო, „რაჲ-იგი შეამთხჳა სულსა თჳსსა“; გამთენიისას დედათა მონასტერს მიაშურა და დაუფარავად აღიარა თავისი ცოდვა. ამის შემდეგ, ყოვლადმოწყალე ღმერთის მსასოებელმა გადაწყვიტა, მონაზვნური ღვაწლით, ლოცვითა და მარხვით განეწმინდა შებილწული სული.

მან ფარულად დატოვა ოჯახი, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მამათა მონასტერს მიადგა, რადგან ეშინოდა, დედათა მონასტერში ქმარს არ მიეკვლია მისთვის. იღუმენმა, მოსულის სიმტკიცე რომ გამოეცადა, სავანის ეზოშიც არ შეუშვა ნეტარი. თეოდორამ კარგად უწყოდა, რომ ამ უდაბურ ადგილას მხეცები მრავლად იქნებოდა, მაგრამ უდრტვინველად დარჩა ბჭეებთან ღამის სათევად. უფალმაც უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. დილით წმინდანი ფეხებში ჩაუვარდა იღუმენს, ალექსანდრიელ თეოდორედ წარუდგა და საძმოში მიღება სთხოვა: „სინანულად და ტირილად მოსრულ ვარ ცოდვათა ჩემთათჳს“. იღუმენიც დარწმუნდა მის გულწრფელობაში და დათანხმდა.

გამოცდილ ბერებსაც კი აკვირვებდა თეოდორას ფიცხელი ღვაწლი, მორჩილება და მოთმინება: იგი გულმოდგინედ რწყავდა ნარგავებს, ფქვავდა ხორბალს, აცხობდა პურს, საზრდელს ამზადებდა ძმებისთვის... ღამით კი, მუხლმოყრილი, მხურვალედ ლოცულობდა და უფლისგან ცოდვათა მიტევებას ითხოვდა. ერთხელ წმინდანი ალექსანდრიაში გაგზავნეს ხორბლის საყიდლად. ქალაქიდან გამობრუნებულ თეოდორას შემოაღამდა, წინამძღვრის კურთხევით, აქლემები ენატოსის სავანის სასტუმროში დააბინავა, თვითონაც იქ დარჩა და აქლემების გვერდით მიიძინა. როცა ყველამ დაიძინა, წმინდანს მისი სილამაზით მოხიბლული, მონასტერში სტუმრად მყოფი იღუმენის ასული მიეახლა და შესთავაზა: „ჭაბუკო, განისუენე ჩემ თანა!“ როცა პასუხად უარი მიიღო, განხურვებულმა, სხვა სტუმართან შესცოდა.

ექვსი თვის შემდეგ იღუმენმა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო, ასულმა კი მაცდუნებლად თეოდორე მონაზონი დაასახელა. მამამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იმ სავანის წინამძღვარს, სადაც ნეტარი დედა მოსაგრეობდა; ამ უკანასკნელმა კი თეოდორას აუწყა, რაც ედებოდა ბრალად. „შემინდვე, მამაო, რამე თუ მე არა მიც საქმე ესევითარსა ზედა“, - უპასუხა წმინდანმა და წინამძღვარმაც, რომელიც კარგად იცნობდა სულიერ შვილს, უსიტყვოდ ირწმუნა მისი ნათქვამი. როცა მეძავმა ჩვილი შვა, ენატოსელმა ბერებმა იგი მიიყვანეს იმ მონასტერში, სადაც თეოდორა ცხოვრობდა და ძმებს არაწმინდა ცხოვრებისათვის ყვედრება დაუწყეს. ამჟამად თავად იღუმენმაც ცილისწამება სიმართლედ ჩათვალა და საშინლად განრისხდა წმინდა დედაზე. ახალშობილი თეოდორას ჩააბარეს და უპატიოდ გააძევეს სავანიდან. უფლის რჩეულმა სიმდაბლით იტვირთა ახალი განსაცდელი და იგი უწინდელი ცოდვის სასყიდლად ჩათვალა. ნეტარი ყრმასთან ერთად მონასტრის მახლობლად, ტალავარში დასახლდა. მწყემსები რძეს აწვდიდნენ მას ბავშვისთვის, თავად თეოდორა კი ბალახეულით იკვებებოდა და ზღვის მლაშე წყალს სვამდა. ასე განვლო შვიდმა წელმა. „და ფრჩხილნი მისნი შეიქმნეს ვითარცა ვეფხისანი, და თმანი მისნი ვითარცა ლომისანი, და ყოველნი ასონი მისნი ყვითლად გარდაიქცეს სიცხითა დღისაჲთა, ყინელითა და ცუარითა ღამისაჲთა“. ბოროტი საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს ნეტარს, წმინდა მოსაგრე კი ახოვნად წინააღუდგებოდა მას. ბოლოს, მონასტრის ბერების თხოვნით, იღუმენმა თეოდორა დააბრუნა სავანეში, სადაც იგი ორი წელი დაყუდებით ცხოვრობდა და ყრმას ღვთისმოშიშებით ზრდიდა.

ერთ ღამეს იღუმენმა სასწაულებრივი ხილვით ანგელოზთა და წმინდა მოწამეთა შორის იხილა „დედაკაცი დიდებითა გამოუთქუმელითა“, რომელიც მისთვის წინასწარ განმზადებულ ოქროს ტახტზე დაჯდა. თანმხლებმა ანგელოზებმა კი უთხრეს: „ესე არს მონაზონი შენი თეოდორე, რომელი ღუაწლითა განილია...“ გაოცებული წინამძღვარი ძმებთან ერთად მივიდა ბერის სენაკში, რომელიც ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილიყო და „ვითარცა განიხილეს, პოეს, რამე თუ დედაკაცი იყო იგი, და განცჳფრდეს და შიში დაეცა მათ ზედა“. მალე ენატოსელმა ბერებმაც შეიტყვეს, რომ საშინელი ცილისწამებით ჰქონდათ სულები დამძიმებული, თავზარდაცემულებმა, მუხლი მოიყარეს წმინდა ცხედრის წინაშე და შენდობა ითხოვეს. ცნობამ წმინდა მოსაგრის შესახებ თეოდორას მეუღლემდეც მიაღწია. ისიც ბერად შედგა, თეოდორას სენაკში დასახლდა და ფიცხელი მოღვაწეობით სათნოეყო უფალს. ნეტარი დედის შვილობილიც მის გზას გაჰყვა და შემდგომში ამ სავანის იღუმენი შეიქნა.

დიდმოწამე თეოდორა ალექსანდრიელის ხსოვნას მორწმუნეები 24 სექტემბერს პატივს მიაგებენ. ამ დღესთან დაკავშირებულია რამდენიმე ტაბუ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ამ დღეს ქალებს ეკრძალებათ პომადის წასმა.

ხალხში 24 სექტემბერს თეოდორას შემოდგომას უწოდებენ. ადრე ის საველე სამუშაოების დასრულებას ეძღვნებოდა. ითვლება, რომ ამ დღიდან იწყება ნამდვილი შემოდგომა და პირველი წვიმები იწყება.
ადრე ადამიანები სხვადასხვა რიტუალებსაც ასრულებდნენ.

მრავალი აკრძალვა უკავშირდება თეოდორა ალექსანდრიელის დღეს და თითქმის ყველა მათგანი ეხება ქალებს. მთავარი ის არის, რომ ტუჩები არ შეიღებონ და მაკიაჟი არ გაიკეთონ, რადგან ამგვარად შეგიძლია ავადმყოფობა მოიწვიო.

ამ დღის სხვა აკრძალვები შემდეგია:

შეუძლებელია ახალი ბიზნესის წამოწყება, რადგან ეს არ მოიტანს შედეგს და შეიძლება უბედურება მოიტანოს;აკრძალულია თმის დაბანა, ფრჩხილების მოჭრა და ახალი ტანსაცმლის ყიდვა;აკრძალულია სხვა ადამიანების ცილისწამება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ნეგატივი დაბრუნდება;არ შეიძლება ყვირილი, გინება, მოტყუება და გაბრაზება;გზაზე სეირნობისას ნაპოვნი ნივთი არ აიღოთ, რადგან შესაძლოა, ცუდი ამბები მოგიტანოთ.