6 უხეში შეცდომა, რომელსაც საჩუქრის ჩუქების დროს ვუშვებთ

საჩუქარი

ზამთრის დღესასწაულების დრო ახლოვდება და მათთან ერთად იწყება ტრადიციული აურზაური საჩუქრების ძიებისა და შერჩევის პროცესში. პრობლემა ის არის, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს პროცესი დამღლელი „ვალია“, რომლისგანაც რაც შეიძლება სწრაფად სურთ გათავისუფლება. 

HuffPost-მა გამოკითხა ეტიკეტის რამდენიმე ექსპერტი, რათა გაერკვია, რა შეცდომები უნდა ავირიდოთ საჩუქრების შერჩევისა და გადაცემის დროს, რომ საჩუქრის მიმღები არ განაწყენდეს. 

1. საჩუქრის ფასის გაცხადება
აუცილებელი არ არის საჩუქარი ძვირად ღირებული იყოს. მთავარი ისაა, რომ ის ემოციურად ღირებული იყოს ადამიანისათვის. მაგრამ, თუნდაც საქმე ძვირ ნივთს ეხებოდეს, მისი ფასი არ უნდა ვახსენოთ, ეს ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

 2. საპასუხო საჩუქრის მოლოდინი
საჩუქრების ტრადიციის არსი გულუხვობასა და ალტრუიზმშია. საპასუხო საჩუქრის მოთხოვნა ან თუნდაც მის მოლოდინში ყოფნა მთლიანად ანადგურებს ამ ტრადიციის მნიშვნელობას. 

3. საჩუქრის მნიშვნელობის დაკნინება
არ შეიძლება ისე მოიქცეთ, თითქოს თქვენი საჩუქარი წვრილმანი ნივთია, ან ხაზგასმით თქვათ, რომ ის არაფრად დაგიჯდათ და უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდა თქვენს ხელში. ეს არაფრით არის უკეთესი, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრის ფასით თავის მოწონება.

4. საჩუქრის მიმღების პიროვნების უგულებელყოფა
საჩუქარი მინიმუმ ცოტათი მაინც უნდა იყოს საინტერესო მიმღებისთვის და არა გამცემისთვის. 

5. უხერხული, ზედმეტად ინტიმური საჩუქრები
თავი შეიკავეთ ძალიან პირადი ან ინტიმური ნივთების ჩუქებისგან — მაგალითად, თეთრეულისგან.

6. ასევე არ ღირს საჩუქრის ჩუქება არაკომფორტულ ან უჩვეულო მომენტში. მაგალითად, აშკარაა, რომ არ უნდა გადასცეთ თანამშრომელს საახალწლო საჩუქარი პირდაპირ თათბირის შუაგულში. ასევე არ არის შესაფერისი ეს გააკეთოთ მეტროში მგზავრობისას, ან უნივერსიტეტის ლექციის დროს.

ჯობია დაელოდოთ შესაფერის მომენტს, ან თავად შექმნათ ის.