ვინ გაიმარჯვებს „კომპრომატების ომში“ და რა ელის „ნაცმოძრაობას“ არჩევნების დასრულების შემდეგ 

ხაბეიშვილი მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები ახლოვდება. ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით, ხმის მისაცემად 49 756 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

ვინ გაიმარჯვებს შიდაპარტიულ ბრძოლაში, ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი და განვითარებული მოვლენები რა პროცესამდე მიიყვანს „ნაციონალურ მოძრაობას“ ?

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა გარდაუვალი პროცესია. მისივე თქმით, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია პოლიტიკური ველიდან საერთოდ გაქრება.

„ამ პარტიას პრეტენზია აქვს, რომ 500 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, შიდაპარტიული არჩევნების დროს კი 50 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზება ვერ მოახერხეს, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული ელექტორალური პრობლემა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ მმართველობას მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორდება. ეს იქნება სააკაშვილისთვის პარტიის წართმევა, წელიწად-ნახევრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იარსებებს, რადგან სააკაშვილის გარეშე ამომრჩეველი დაიკარგება.

თუ პარტიის თავმჯდომარე მელია გახდება, სააკაშვილი პარტიას არ დაკარგავს. გამარჯვების შემთხვევაში, მელია ხაბეიშვილსა და მის მომხრეებს პარტიიდან გაყრის, ანალოგიურად მოხდება ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში. მგონია, რომ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხაბეიშვილმა და კეზერაშვილმა პარტია არ "აახიონ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

რამ განაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში მხარდამჭერთა პასიურობა?  

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძეპრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ პარტიაში განვითარებული პროცესების ფონზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია.

"ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ამომრჩევლების აქტიურობა მეტად შეიძლებოდა. სჯობდა, პარტიულ არჩევნებში მეტი ადამიანი დარეგისტრირებულიყო. როგორც ჩანს, განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, მხარდამჭერები იმედგაცრუებულები არიან. წინასაარჩევნო პროცესი ძალიან ნეგატიურად წარიმართა, ფაქტობრივად, კანდიდატებს შორის კომპრომატების ომი მიმდინარეობდა. ამ არჩევნების ჩატარების შემდეგ, მხარეების ერთ „გუნდად“ ყოფნა ბუნებრივია, ვეღარ გაგრძელება და პარტია გაიყოფა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ონლაინრეჟიმში 28-30 იანვარს გაიმართება.