დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
„ბევრი რუსი ჩამოდის. რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ტურისტული მიზნით, ან ბიზნესისთვის ჩამოდიან საქართველოში, მივესალმებით", - ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია... 2008 წლის ომიდან ოთხი წლის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს კარი ფართოდ გაუღო, ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი და რუსი ტურისტების ნაკადს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნტზე პირადად დახვდა.
სააკაშვილის სტუმარ-მასპინძლობით გაკვირვებულმა რუსებმა მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და პრეზიდენტს კეთილგანწყობა შეუქეს.
ეს 2012 წელს იყო... ახლა სააკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლა, უფრო სწორედ, როგორც თავად ამბობს, „შემოსევა“, ქვეყნის ინტერესებს აზარალებს, რადგან შესაძლოა სამალავებიდან იარაღი ამოიღონ და „დაგვიშინონ“.
მისივე თქმით, ზუსტად ასევე, რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ბელარუსის გავლით ოჯახებით ჩავიდნენ.
„ფოტოებსაც იღებდნენ. ხალხს უღიმოდნენ, ბორშს მიირთმევდნენ, მერე როცა ბრძანება მიიღეს, სამალავიდან იარაღი ამოიღეს და იმ ხალხს დაუშინეს, ვისაც გუშინ უღიმოდნენ. ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია“, - აცხადებს სააკაშვილი.
ამ განცხადების შემდეგ საპატიმროში მყოფ ექსპრეზიდენტს 2012 წლის 28 თებერვალს, მის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება გაახსენეს, სადაც ვკითხულობთ:
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

ხმები საქართველოში რუსების შემოსევაზე, სიმართლეს არ შეესაბამება – ამბობენ მართველ გუნდში და იქვე განმარტავენ, რომ რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოდიან საქართველოში, როგორც პანდემიამდე შემოდიოდნენ.
„სინამდვილეში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, ანუ 11 დღეში, საქართველოში შემოსულია რუსეთის ფედერაციის 15335 მოქალაქე, რაც 2-ჯერ ნაკლებია 2019 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, რა დროსაც საქართველოში 31672 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შემოვიდა და ასევე, ბევრად ნაკლებია 2020 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, როდესაც ქვეყანაში შემოვიდა რუსეთის 19,796 მოქალაქე. 2021 წელს კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული იყო პანდემიის გამო. შესაბამისად, თუ დავაკვირდებით რეალურ სურათს და ვიხელმძღვანელებთ ციფრებით, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის რაოდენობის ზრდას ადგილი არ ჰქონია. სახეზეა ადამიანების ჩვეულებრივი მობილობა, რაც წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოში რუსული ბიზნესზე სანქციების და შეზღუდვების დაწესებასაც მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც, ყოფილ მართველ გუნდს, ოპონენტებმა წარსული გაახსნეს, როდესაც ათეულობით რუსულ კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საშუალება მიეცა, მათ შორის რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდა ქვეყნის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კომუნიკაციების თუ საბანკო სექტორის დიდი ნაწილი.
მაგალითად, კომპანია „ინტერ რაო”, რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია „თელასს“ (ამჟამად „თელმიკო)“, თბოსადგურ „მტკვარი ენერგეტიკას“, ჰესებს - „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2”. „ინტერრაოს“ მართვაში აქვს გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესიც”.
აღსანიშნავია, რომ „ინტერ რაოს“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკო, „გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანია „როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი შუგაევი, რუსული სახელმწიფო კორპორაციის, „ვნეშეკონობენქის” ხელმძღვანელი ვლადიმერ დმიტრიევი. მმართველ საბჭოს ბორის კოვალჩუკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006-2009 წლებში რუსეთის მთავრობის პრიორიტეტული პროექტების დეპარტამენტის უფროსი იყო.
რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს.
კომპანია „ენერგია“ საქართველოში 2010 წელს დაფუძნდა, მისი 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. შპს „ენერგია“ სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია.
მევლუდ ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს კი რუსული სააქციო საზოგადოება „პილონის“ ხელმძღვანელობა დაიწყო. დღეს ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. „პილონი“ სანკტპეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებას უზრუნველყოფს და ერთ-ერთი ლიდერი
კომპანიაა ამ მიმართულებით. 2012 წელს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული მორიგი პროექტის გახსნას თავად პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება.
რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი”.
ეს უკანასკნელი გახლავთ შვილობილი კომპანია შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის“, რომელიც ასევე ფლობს კანალიზაციის ქსელების ექსპლუატაციის საწარმოს, გარდაბნის გამწმენდ ნაგებობას და შპს „საგურამო ენერჯის“, გენერალური დირექტორი - რუსეთის მოქალაქე მელსიკ აკობიანია.
რუსეთის ხელშია ნავთობის ბაზარი საქართველოშიც. მაგალითად, კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“, რომელსაც საწვავი საქართველოში ბულგარეთიდან შემოაქვს და ის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიაა – საქართველოში ფლობს 62 ბენზინგასამართ სადგურს.
“ლუკოილ ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი”. კომპანიის დირექტორია საქართველოს მოქალაქე ზაზა ქათამაძე. “ლუკოილ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები 2005 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით არიან რუსეთის მოქალაქეები- სერგეი ფედორცოვი და ვალერი გოლოვუშკინი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ასევე რუსეთის მოქალაქე ფიკრეტ ალდაჯან ოგლია. 2005 წლის შემდეგ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში აღნიშნული მონაცემები არ შეცვლილა.
„ლუკოილ ჯორჯიას“ სააკაშვილის მმართველობის ბოლო ორ წელში მონაწილეობა მიღებული აქვს 33 სახელმწიფო ტენდერში, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული, აქედან 30 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 99 624 777 ლარია.
რუსული კავშირგაბმულობის კომპანია “მობიტელი” საქართველოში 2007 წელს “ბილაინის” ბრენდით შემოვიდა. კომპანია რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია. რუსეთის მოქალაქეების ხელშია სს “ელმავალმშენებელიც” – მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი. საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული ბანკი VTB.
გარდა რუსული კომპანიებისა, ყოფილ ხელისუფლებას დღეს ისიც შეახსენეს, რომ პირადად 2011 წელს სწორედ მათ აუნთეს მწვანე შუქი რუსეთის მსოფლიო საბაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რისკენაც ოფიციალური მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში მიისწრაფოდა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს ხმა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია WTO-ს 156-ე წევრი გახდა.