უხერხული და ღიმილის მომგვრელი დიალოგი პუტინსა და ნარიშკინს შორის - საგარეო დაზვერვის შეფი მხარს უჭერდა, მაგრამ რას - არ იცოდა?!

რამდენიმე საათის წინ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თავმჯდომარეობით მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი განიხილეს.

ამ თხოვნით რუსეთის ლიდერს სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერებმაც მიმართეს. უშიშროების საბჭოს წევრებმა კი, მხარი "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობას ერთხმად დაუჭირეს.

საკითხზე "მსჯელობისას" სერგეი ნარიშკინი სავარაუდოდ, დაიბნა, ან არ იცოდა, საბჭოს შეკრების მიზანი - განიხილავდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული  დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას თუ უკრაინის ამ ნაწილების შეერთებას რუსეთისთვის. 

აღნიშნულის გამო ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ნარიშკინს შორის უხერხული დიალოგი გაიმართა:  

პუტინი: რას ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვთავაზობთ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას?

ნარიშკინი: არა, მე...                                                                                                                                           

პუტინი: თუ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა

ნარიშკინი: მე…

პუტინი: პირდაპირ თქვით

ნარიშკინი: მე მხარს დავუჭერ აღიარების შესახებ…

პუტინი: მხარს დაუჭერთ თუ მხარს უჭერთ, პირდაპირ თქვით, კი თუ არა

ნარიშკინი: მხარს ვუჭერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების შემოსვლას რუსეთის ფედერაციაში

პუტინი: ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის აღიარებაზე

ნარიშკინი: მე მხარს ვუჭერ წინადადებას დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

პუტინი: მადლობა, დაჯექით