თენგიზ შარმანაშვილი: BBC-ის სტატიას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, რომ წაეხალისებინა აქაური აგენტურა შემდგომი მოქმედებისათვის. იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს

თენგიზ შარმანაშვილი

მიზანი ამ სტატიას ჰქონდა მხოლოდ ერთი, რომ წაეხალისებინა აქაური აგენტურა შემდგომი მოქმედებისათვის, ვითომ რაღაცა არაადამიანურ რეჟიმთან აქვთ საქმე, რომელიც წამლავს საკუთარ მოქალაქეებს, - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის აშკარა ტყუილი, რომელიც ვერ დაიმალება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაბიჯი იყო აბსოლუტურად ადეკვატური; 2 მიმართულებით დაიწყება გამოძიება - ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება (თუ ვინმემ თეორიულად გაბედა და ასეთი რამე გააკეთა) და ასევე უცხო ქვეყნის ორგანიზაციისათვის საქართველოს საწინააღმდეგოდ დახმარების გაწევა. იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს ის როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.