შალვა პაპუაშვილი: თინა ხიდაშელთან დაკავშირებით ცნობილი ფაქტია, სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანია. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ფულს იღებდა ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან

შალვა პაპუაშვილი

თინა ხიდაშელთან დაკავშირებით ცნობილი ფაქტია, სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პაპუაშვილის თქმით, პირდაპირ ემსახურებოდა იმ ინტერესებს, რომ მაგალითად ჩინეთის წინააღმდეგ პროპაგანდა ეწარმოებინა.

„თინა ხიდაშელთან დაკავშირებით ცნობილი ფაქტია, სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანია. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ფულს იღებდა ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან. პირდაპირ ემსახურებოდა იმ ინტერესებს, რომ მაგალითად ჩინეთის წინააღმდეგ პროპაგანდა ეწარმოებინა. მათ შორის, ამით საქართველოს წინააღმდეგაც იმიტომ, რომ ეხებოდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს. ახლაც ზუსტად იგივეა.

მორალური პრობლემა ეს არის, როდესაც ადამიანი დგება სხვების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ზურგს აქცევს, ეს შედეგები გვექნება, რომ „დანოსებს“ როდესაც წერენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასე „დანოსების“ დამწერებად დარჩებიან საბოლოო ჯამში.

კიდევ ერთხელ, მან რაც საკუთარ თავს დამართა იმით, რომ ჩადგა ხან სეპარატისტული რეჟიმების თუ სხვათა სამსახურში, ავრცელებს მათ ნარატივებს და უქმნის ყალბ საინფორმაციო საფუძვლებს, რათა ეს ნარატივები გავრცელდეს, საბოლოო ჯამში ესეც არის ის დასასრული, რომელიც ელის ყველას, ვინც საქართველოს ზურგს აქცევს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.