შალვა პაპუაშვილი: გახარია „ჰერტის სკოლას“ აჰყავს თანამშრომლად, ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვხედავთ მსგავს ხაზს, რაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. მათ შორის NED-თან დაკავშირებულ „ჰერტის სკოლას“, რომელიც NED-თანაც თანამშრომლობდა, პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და იმისა, როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.

„ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ეს ყველაფერი გაფორმებული, თითქოს მან უნდა აწარმოოს კვლევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს, ინტერვიუებს ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან. პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიის თუ სხვადასხვა დედაქალაქის, სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება, მათი ხელფასზე ყოფნა, რათა გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი.

გერმანიაში როცა ხდება დაფინანსება, ყურადღებას აქცევენ, არის თუ არა ის პოლიტიკურად აქტიური პირი და როგორც წესი, შეზღუდვებია ხოლმე ამ დროს პოლიტიკურად აქტიურ პირთან, ვინაიდან არ მოხდეს პოლიტიზება და გაიგივება ამა თუ იმ ინსტიტუციის სხვადასხვა პოლიტიკოსის პლატფორმასთან. აქაც კი, საკუთარი ეთიკის სტანდარტებს გადაუხვია მათ შორის ამ დაწესებულებამ. ადამიანს, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის აქციის ძალადობრივ დაშლაზე, ეს ადამიანი პირდაპირ აჰყავთ თანამშრომლად. ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და კარგი მაგალითი, როგორ ხდება მოქალაქეობით დაქირავება ქართველი პოლიტიკოსებისა, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.