1791316484
საქართველოს საგარეო უწყება გმობს ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.











