სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა და მხარის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, კახეთის რეგიონში ტრენინგ-სემინარი „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისა და როლის გაძლიერება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა გააცნო. თეა ახვლედიანის განცხადებით, ინტერაქციული დისკუსიების და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ტრენინგ-სემინარი მონაწილეებს ხელს შეუწყობს გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ ახალი უნარები; სხვადასხვა თემაზე მომუშავე მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმები და შესაძლებლობები, მედია-წიგნიერება, ადამიანის უფლებები, ციფრული მოქალაქეობა და სხვა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, ახალგაზრდები გაეცნობიან რეგიონის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.

„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა, რომელსაც ამჯერად ყვარელში ვმასპინძლობთ, საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ახალგაზრდებისთვის. სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ მათთვის საინტერესო, ამომწურავ ინფორმაციას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არა მარტო გააფართოებს მათ ცნობიერებას, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებზე, არამედ შეუქმნის მათ შესაძლებლობას, რომ მიიღონ სასარგებლო გამოცდილება და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადგილობრივი ხელისუფლების როლს ახალგაზრდების გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის განმტკიცების პროცესში.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა ლაგოდეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულ მერებთან, რომლის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, ძირითად პრიორიტეტებზე, დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე; განხილულ იქნა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გზები და კონკრეტული მიზნები.