„სააკაშვილის რეიტინგი განულდება“ - დააკარგვინა თუ არა ექსპრეზიდენტმა „ნაცმოძრაობას“ მხარდამჭერები და რა შემთხვევაში ემუქრება მას გამარგინალება

სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბრძოლის მორიგ სტრატეგიას ირჩევს და ამჯერად, პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამასთან, როგორც მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის ადვოკატები აღნიშნავენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

რატომ დადგა დღის წესრიგში სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, საკითხზე „პრაიმტაიმთან“ დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ხელისუფლებისთვის პირდაპირი დარტყმა იქნება, როგორც პოლიტიკური, ისე რეპუტაციული თვალსაზრისით.

„როცა პატიმარს ენიჭება დაზარალებულის სტატუსი, მაშინ მის ადვოკატებს მეტი წვდომა ეძლევათ საგამოძიებო მასალებზე. ამასთან, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება უფრო რეალურს ხდის შანსს, რომ სტრასბურგში მან მოიგოს სასამართლო პროცესი. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილის გულშემატკივრებს უფრო მეტი საფუძველი ექნებათ, რომ მკურნალობის მიზნით, მოითხოვონ საზღვარგარეთ მისი გადაყვანა ან შეწყალება-გათავისუფლება. გარდა ამისა, სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ხელისუფლებისთვის პირდაპირი დარტყმა იქნება, როგორც პოლიტიკური, ისე რეპუტაციული კუთხით“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ანალიტიკოსის თქმით, ამ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.

„სააკაშვილის ცუდად გახდომის მორიგი სერია დაიწყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს, სრული კატასტროფა განიცადა. მას არაფერი ეტყობოდა, რომ ცუდად არის.  ახლა „ნაცმოძრაობის“ მიზანია, სააკაშვილი არც ერთი წუთით მედიიდან და საჯარო სივრციდან არ გაქრეს. საკმარისია, რომ სააკაშვილის მიმართ ყურადღება დაიკარგოს, მისი ისედაც დავარდნილი პოლიტიკური რეიტინგი საერთოდ განულდება. პოლიტიკურ-რეპუტაციული თვალსაზრისით, სააკაშვილის მესამე გამოსვლა სასამართლო პროცესზე იმდენად დამანგრეველი იყო, რომ ამ ფაქტმა, ალბათ, მის პარტიას გარკვეულ რაოდენობის მხარდამჭერები დააკარგვინა“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოთხოვნა მისმა ადვოკატებმა გუშინ დააყენეს.