რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ ვუჭერთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში მისი პარტია საკუთარ კანდიდატს დააყენებს.

„ფაქტია, რომ „ლელო” და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. მხარს არ ვუჭერთ ბადრი ჯაფარიძეს. მათი მხრიდან არაკოლეგიალური იყო, როდესაც პრესკონფერენცია მოიწვიეს, წარადგინეს და თქვეს, რომ ახლა, მოდი, ყველამ ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირეთ მხარი.

თუ ჩვენი მხარდაჭერა უნდოდათ, მანამდე შეიძლებოდა, კოლეგიალობა გამოევლინათ და წინასწარ გაგვევლო კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. პრინციპში, პარტიაში შიდა დისკუსია დავასრულეთ. რუსთავში გვეყოლება რუსთავში დაბადებული, გაზრდილი და რუსთავში მცხოვრები, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ძალიან აწუხებს ის, რაც რუსთავში ხდება და ძალიან კარგად იცის, როგორი რუსთავი იქნებოდა უკეთესი. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება და ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.