რუსეთს სასარგებლო იდიოტები ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში - თეონა აქუბარდია არესტოვიჩის განცხადებაზე

თეონა აქუბარდია

რუსეთს სასარგებლო იდიოტები ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას თქვა.

„რუსეთს სასარგებლო იდიოტები ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. შესაბამისად, განცხადება ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ტყუილი, იმიტომ, რომ სწორედ იანუკოვიჩმა თქვა უარი ნატოში წევრობაზე კანონით, მაგრამ ამან არ დაიცვა უკრაინა ყირიმის ანექსიისგან და განგრძობითი ომისგან რუსეთის მხრიდან. მე ვფიქრობ, ამ განცხადებებით არესტოვიჩმა გააძლიერა რუსეთის პროპაგანდა, თითქოს მოსკოვმა ნატოს გაფართოების საწინააღმდეგოდ დაიწყო ეს ომი“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი მზადაა უკრაინის მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მისი თქმით, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია.