რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამო თურქეთი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კოორდინაციაშია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა თბილისსა და ბაქოსთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგები აღმოფხვრას.

„დიდი გულისტკივილით გავიგეთ, რომ ჩვენმა სამხედრო თვითმფრინავმა C130-მა, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა, დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კატასტროფა განიცადა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილების სამძებრო სამუშაოებს ეროვნულ ხელისუფლებებთან კოორდინაციით“, - აღნიშნა ერდოღანმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.