კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
რუსეთის დაუოკებელი ჰეგემონობა გრძელდება. რამდენიმე დღეა, რაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის მიმართულებით სამხედრო და საჰაერო იერიშს ახორციელებს. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, იბომბება უკრაინის ქალაქები, რასაც ასობით უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ეწირება. ომში რეალური ჩართვისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს დასავლეთი და რუსეთის მიმართ მხოლოდ ეკონომიკური, პერსონალური სანქციების დაწესებით შემოიფარგლება.
მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ომისა და უკრაინის მიმართ მტკიცე სოლიდარობის გამოხატვის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება გლობალურ სანქციებს, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, არ შეუერთდა.
როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, საქართველომ, პირველ ყოვლისა, საკუთარი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ამასთან, რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრის რეალური საფრთხე არსებობს, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე „პრაიმტაიმთან“ კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე საუბრობს.
როგორც არეშიძე აცხადებს, ღარიბაშვილის განცხადება აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა პრეტენზიები მისი განცხადების დიპლომატიურ ფორმასთან დაკავშირებით არსებობს.
„საკუთარი განცხადების გამო ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს. შინაარსის მხრივ, მის განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ დიპლომატიურ ფორმასთან დაკავშირებით, შენიშვნები მაქვს. ექსტრემალურ სიტუაციაში ასეთი ხისტი განცხადებების გაკეთება არ არის საჭირო, ამას პოლიტიკოსი უნდა გრძნობდეს. მისი განცხადების ფორმა შეიძლებოდა, უფრო მოქნილი ყოფილიყო. თუმცა ღარიბაშვილის ლოგიკა აბსოლუტურად სწორია, რადგან სახელმწიფო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ქვეყანაში ბევრი გამოწვევა და ხიფათია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო და მოლდოვა სენსიტიურ მდგომარეობაშია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა უაღრესად დამოკიდებულია რუსეთთან ვაჭრობაზე. სამწუხაროდ, სავაჭრო თვალსაზრისით, ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ ჩვენ დისტანცირებული ვყოფილიყავით რუსეთისაგან. ცალკე სავაჭრო საკითხი, ცალკე უსაფრთხოება, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და არა მგონია, რომ საზოგადოებას ეს საკითხები კარგად არ ესმოდეს“,- განაცხადა არეშიძემ.
მამუკა არეშიძის თქმით, უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.
„ვთვლი, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაქცევა იყო არასწორი ნაბიჯი და შეცდომა. ეს იყოს ზელენსკის ემოციური გადაწყვეტილების შედეგი ან პროვოკაცია, რამაც ვიღაცის მხრიდან კარგად იმოქმედა. მინდა, კარგად იყოს შესწავლილი უკრაინაში მოხალისეების წასვლასთან დაკავშირებული ეპიზოდი. დემონსტრაციული წასვლა და პერფორმანსის მოწყობა რა საჭირო იყო? რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციის სახეს ატარებდა. მინდა კითხვა დავსვა ჩარტერული რეისი რეალურად არსებობდა თუ არა?“,- განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო და საჰაერო იერიში მეშვიდე დღეა, რაც ხორციელდება. უკრაინელი ხალხი საკუთარ ქვეყანას გმირულად იცავს.