რა გეგმა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" - პარტია სამოქმედო სტრატეგიას დღეს წარადგენს

ნაციონალური მოძრაობა

დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმას წარადგენს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყოს პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის.

ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად 31 იანვარს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარლამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში,“- განაცხადა დეკანოიძემ.