პრეზიდენტთან პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ ვგეგმავთ, ყველა საკითხზე ვიცით მისი პოზიცია - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ჩვენ არ ვგეგმავთ, პრეზიდენტთან პოლიტიკურ დებატებში შევიდეთ, ყველა საკითხზე ვიცით მისი პოზიცია და ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ დავიცვათ კანონი და წესები, რომელიც მის პარლამენტში მოსვლას უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა.

„მერწმუნეთ, ჩვენი დამოკიდებულება იქნება ადეკვატური და სამართლიანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გზავნილებს ელოდება საქართველოს პრეზიდენტისგან მმართველი გუნდი.

კითხვაზე, რა აქვთ სათქმელი კანონმდებლებს სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც მომავალ კვირას პარლამენტში მოუსმენენ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის დღე, როცა არა კანონმდებლებს აქვთ სათქმელი მისთვის, არამედ პრეზიდენტი წარსდგება ანგარიშით პარლამენტის წინაშე.

„პარლამენტი იცავს კანონს, იცავს რეგლამენტს და, შესაბამისად, ჩვენ მას პლენარულ სესიაზე მოვუსმენთ, თუმცა ამ კვირაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი და ჩვენი ყურადღება მთლიანად ქვეყნის მომავლის გარშემო არის მობილიზებული. მართალი გითხრათ, არ მოველი, რომ რაღაც ცხარე დებატები იქნება. ალბათ უფრო მშვიდად ჩაივლის ეს ყველაფერი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.