ნინო ენუქიძე შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტზე: პირდაპირ ჩაიწერება, რომ ადგილობრივი წარმოების მასალებს მიენიჭება უპირატესობა

ნინო ენუქიძე

დადგენილებაში პირდაპირ ჩაიწერება, რომ ადგილობრივი წარმოების მასალებს მიენიჭება უპირატესობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ „დღის ქრონიკაში“ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტზე საუბრისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს წაახალისებს როგორც არსებული ბიზნესების გაფართოებას, ისე ახალი ბიზნესების წამოწყებას.

„ზოგადად ქვეყნისთვის ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისტორიულად ამა თუ რეგიონში შესაბამისი მასალების მოპოვება და ისტორიული იერ-სახის ჩამოყალიბება ადგილობირვ მასალებზე დაყრდნობით ხდებოდა. აღნიშნული მიზნისთვის მონაწილეობდნენ ამ პროცესში ხელოვნებათმცოდნეები და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა წესები, მათ შორის ფერთა პალიტრა, რომელიც დამახასიათებელია ქვეყნის იდენტობისთვის“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა.

„შევისწავლეთ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მაგალითები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებსი ეროვნულ დონეზე ყველგან არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამ ესთეტიკურ მახასიათებლებს ადგენს. შემდგომ არის ქვედა საფეხურის დოკუმენტები. ამ დოკუმენტის შემუშავება მოხდა ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი დღეს კერძო სექტორს წარუდგინა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.