ნიკოლ ფაშინიანის მიერ აგრესიული რიტორიკის გამოყენება და მუქარა - ეუთო სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს

ნიკოლ ფაშინიანი

 ნიკოლ ფაშინიანის მიერ აგრესიული რიტორიკის გამოყენება და მუქარა, - ეს ის საკითხებია, რაზეც ეუთოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული მაგალითები, რამაც, მისიის შეფასებით, უკიდურესად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემო შექმნა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო კამპანია კანდიდატებს შორის ხშირი პირადი თავდასხმებითა და მწვავე დაპირისპირებით გამოირჩეოდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციურ კანდიდატებს კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციითა და სისხლისსამართლებრივი დევნით საჯაროდ ემუქრებოდა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში შიშის ატმოსფერო შექმნა. ამასთანავე, გამოვლინდა საჯარო სექტორის თანამშრომლებზე განხორციელებული იძულების ფაქტები, რათა მათ მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებსა და მასობრივ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.

ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიებები თითქმის სრულად ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული, რამაც შერჩევითი სამართლის აღქმა გააძლიერა. სიტუაციას ართულებდა მედიის აშკარა მიკერძოება ხელისუფლების სასარგებლოდ. დამკვირვებლებმა უარყოფითად შეაფასეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რიგ საოლქო კომისიებში მონიტორინგის პროცესი შეიზღუდა და ამომრჩევლის წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მნიშვნელოვნად შეფერხდა.